საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციაში შემავალი ოპერატორებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაზე ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე კომპანიების წარმომადგენლებს მიესალმა და კომისიის მიმდინარე პროექტებზე, ტელეკომ ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე კომპლექსური კვლევის მიგნებებსა და კვლევის საერთო მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე Bitstream დაშვებისა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების უპირატესობებზე, ასევე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროპულ მაგალითებზე ისაუბრა. მოგვიანებით, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიშა ჯღამაძემ, Bitstream დაშვებასთან დაკავშირებით ოპერატორების კითხვებს დეტალურად უპასუხა.
ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა ოპერატორებს მომხმარებლებისგან შემოსული საჩივრების სტატისტიკა გააცნო, მათ შორის, ინტერნეტის ხარისხთან თუ ფასებთან დაკავშირებით და სტატისტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი რეკომენდაციები გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და კონკურენციის გაუმჯობესებას ისახავს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა შეეძლოთ.
უახლესი