დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, ენერგოიმპორტდამოკიდებულების შემცირება - ინტერვიუ მარიტა არაბიძესთან

ჩვენი მიზანია, ენერგოიმპორტდამოკიდებულების შემცირება - ინტერვიუ მარიტა არაბიძესთან

16-07-2024 12:13:00

ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ბოლო ათწლეულში საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით მთელი რიგი სტრატეგიული პროექტები განახორციელა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ინვესტიცია გამოიყო ელექტროგადამცემი ქსელისა და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონული ვაჭრობის განვითარებას.

2024 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წლიდან ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რითაც მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ადგილობრივი ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციის გზით.

საქართველოს ენერგეტიკაში არსებულ ტენდენციებსა და ენერგეტიკის დარგის რეფორმებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიტა არაბიძე შეაფასებს.

- 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და 2017 წელს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ ოქმთან მიერთებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს საკუთარი ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულთან. რა ძირითად ასპექტებს მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ენერგეტიკის სექტორის განვითარების კურსს?

- ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, შეგვემუშავებინა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და პოლიტიკა. გარდა ამისა, მოვამზადეთ ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების ინტეგრირებული გეგმა, რომელიც ენერგეტიკული პოლიტიკის დანართად განვსაზღვრეთ. მასში მოცემულია, როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა 2030 წლისთვის - საუბარია რამდენიმე სცენარზე, აგრეთვე ხედვაზე 2040-2050 წლებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე მზარდია, ამდენად, ამ ტენდენციას უნდა შეესაბამებოდეს ელექტროგენერაციაც - არც ერთი ქვეყანა არაა დაინტერესებული, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე იყოს დამოკიდებული.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რომელსაც სახელმწიფო ელექტროსისტემა ამზადებს და ჩვენი სამინისტრო ამტკიცებს, ყოველთვის ხაზგასმულია, რომ იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს.

არსებობს რამდენიმე სცენარი: ყველაზე ამბიციური, ნაკლებად ამბიციური და ყველაზე რეალისტური, რათა იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს.

ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმა 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს, თუმცა მათგან დომინანტია გენერაციის განვითარება თავისი თანმხლები ქმედებებით. 10-წლიანი განვითარების გეგმის თანახმად, უნდა განვითარდეს გენერაცია და მას მიჰყვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

გეგმის 5 ძირითადი მიმართულება ასევე ფარავს დეკარბონიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიები, მიწის საკითხებთან დაკავშირებული მიმართულება, სოფლის მეურნეობა და სხვა. რიგი საკითხებისა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა.

კიდევ ერთი მიმართულებაა ენერგოეფექტურობა. ის ფარავს ბევრ ენერგოინტენსიურ დარგს, მათ შორის, წარმოებებს, შენობა-ნაგებობებს და სხვ.

მესამე მნიშვნელოვანი მიმართულებაა კლიმატის ცვლილება - მის ფარგლებში შემუშავებულია საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)  და განსაზღვრულია ჯამური CO2-ის ემისიების შემცირება. კლიმატის ცვლილება არის ძალიან ფართო საკითხი და ის არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია.

შემდეგი საკითხია ინოვაციები, ტექნოლოგიები და კონკურენტუნარიანობა. ინოვაციებს ენერგეტიკის სექტორში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც გულისხმობს, რომ ერთი და იგივე ღონისძიებისათვის უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებითა და  ნაკლები ენერგიის მოხმარებით იქნეს მიღებული გარკვეული შედეგი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მწვანე წყალბადის განვითარებაზე და უკვე მზად გაქვს სტრატეგიის პირველი ვარიანტი.

და ბოლოს, ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის, რა ეტაპზეა ქვეყანა.

გასულ წელს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების ინტეგრირებული გეგმის შესახებ ყველა სამინისტროსთან გვქონდა საჯარო განხილვები. გარდა ამისა, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ონლაინ პლატფორმა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და დაინტერესებული სუბიექტები შევკრიბეთ. განხორციელებული აქტივობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის მიზანია, ენერგეტიკული გაერთიანება მაქსიმალურად დაეხმაროს ქვეყანას თავისი საექსპერტო გამოცდილებით. ჩვენ ჩავატარეთ 15 საჯარო განხილვა, რომელთა მონაწილეებსაც გავუგზავნეთ შეხვედრების ჩანაწერები და მივიღეთ უკუკავშირი დამატებითი საკითხების განმარტებაზე. აღნიშნული დოკუმენტი მთავრობამ 2023 წლის ბოლოს მოიწონა და პარლამენტმა დაამტკიცა.

- ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები დარჩენილი მოკლე დროის გათვალისწინებით რამდენად შესრულებადია?

- თქვენს კითხვაზე სრულფასოვანი პასუხი გასაცემად, მინიმუმ, 1 წელი მაინც უნდა იყოს გასული დოკუმენტის ამოქმედებიდან. მთ უფრო, რომ სამთავრობო რეგულაცია არ მოითხოვს მონიტორინგის გაკეთებას ერთ წლამდე პერიოდში. ჩვენს ინტერესებშია, დოკუმენტი იყოს უფრო კონკრეტული, რომ ვნახოთ ღონისძიებების მიხედვით, რა შესრულდა. ამიტომ გვინდა, რომ ერთი წლის თავზე დავიწყოთ მისი განხილვა - გადახედვა.

- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში მიიღო, სრულად ეფუძნება ევროპის ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და დირექტივებს. როგორ შეაფასებდით საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით გათვალისწინებულ ნაბიჯებს და როგორია სამომავლო სამოქმედო გეგმები, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის კუთხით?

- თავად ეს კანონი ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. ამ კუთხით, პროგრესი გაქვს, რადგან კანონები ძირითადად დეკლარაციული ტიპისაა, კანონქვემდებარე აქტების მიღებით კი უფრო დაკონკრეტებულია გარკვეული მიმართულებები.

როგორც ცნობილია, 1 ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას ნებაყოფლობით რეჟიმში. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, საათობრივი დაბალანსება და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედება კი 2025 წლის პირველი ივლისიდან არის გათვალისწინებული.

ენერგეტიკული ბაზრის სრულად ამოქმედების შემდეგ, ჩამოყალიბდება ელექტროენერგიის საათობრივი ფასი, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.

- ენერგეტიკის სექტორი არის კაპიტალტევადი დარგი, რაც თავის მხრივ მოიაზრებს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მუდმივ საჭიროებას. რა კეთდება ენერგეტიკის დარგში პროფესიონალთა გადამზადების კუთხით, როგორია ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკა და სამომავლო გეგმები? რაზე კეთდება ძირითადი აქცენტები?

- როდესაც კანონები შევიმუშავეთ და დავიწყეთ კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, ზუსტად ამ პრობლემას შევეჩეხეთ, რადგან ბაზარზე აუცილებლად უნდა გაჩნდეს პროფესიონალი მემონტაჟე, ენერგოაუდიტორი, გათბობა-გაგრილების სისტემების შემმოწმებელი და სხვა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ამდაგვარი პროგრამები არ არსებობდა, მათ შორის, არც პროფესიულ სასწავლებლებში.

ჩვენ განათლების სამინისტროსთან და ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად გავაფორმეთ 5-წლიანი მემორანდუმი და ამ მემორანდუმის ფარგლებში დავიწყეთ პროგრამების შემუშავება, რომელთა საფუძველზე დაინტერესებულ პირებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, პროფესიულ სწავლებებში მიიღონ გამოცდილება. თუმცა განათლების მიღება არაა საკმარისი სერტიფიცირებისთვის ან აკრედიტაციისთვის. ამისთვის, დაინტერესებულ პირს მიღებული განათლების საფუძველზე შეუძლია მიმართოს მასერტიფიცირებელ ორგანოს და მიიღოს ეს სტატუსი 3 წლის განმავლობაში. ამ ვადას კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის გასვლის შემდგომაც ისევ უნდა მოხდეს პირის სერტიფიცირება, რადგანაც დირექტივებს შემოაქვს ახალი მიმართულებები და ამ ახალ მიმართულებებსაც სჭირდება კვალიფიკაციის განახლება.

ჩვენ შევიმუშავეთ 4 პროგრამა და დღეისათვის 80 ადამიანზე მეტია გადამზადებული. აღნიშნული პროგრამები დანერგეს პროფესიულმა სასწავლებლებმა. შეზღუდვები არ გვქონია, განათლების სამინისტროს ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც სასწავლებლებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. ერთ-ერთი პირველი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო, რომელსაც ჰქონდა ეს ბაზა, თუმცა უკვე მოგვმართა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტმა (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტმა და კიდევ სხვებმა, რომლებმაც დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა. მეტსაც გეტყვით - USAID-მა გამოყო გრანტი და ეს ორგანიზაცია ეხმარება მათ პროგრამების შემუშავებაში.

- რა ვალდებულებებია მოსალოდნელი კერძო სექტორისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებზე? როგორ მიმდინარეობს მე-4 ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების ტრანსპოზიცია/ჰარმონიზაცია ქართულ კანონმდებლობაში, მათ შორის განახლებადი ენერგიების განვითარება და ე.წ. „ენერგეტიკული გაერთიანებების“ შექმნის მიმართულებით?

- მე-4 პაკეტში შედის ძალიან ბევრი საკითხი, ის ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივა. განახლებადი ენერგიების შესახებ 2019 წლის ბოლოს მივიღეთ კანონი და ახალი დირექტივით უკვე დავიწყეთ მუშაობა ცვლილებებზე, რომლის საფუძველზე განახლებულ კანონსაც წარვუდგენთ დაინტერესებულ მხარეებს.

როდესაც კერძო სექტორზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა ვალდებულებები შემოდის. მაგალითად, ენერგოეფექტურობას თუ მიმოვიხილავთ კერძო თუ საჯარო სექტორში, 50 კვ/მ-ზე მეტი ახალი მშენებლობის შემთხვევაში, ყველასთვის მოქმედებს ვალდებულება, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ მინიმალური მოთხოვნების დეკლარაცია არ იქნება წარდგენილი. დამატებით, საზედამხედველო ორგანოს მიერ ობიექტის შემოწმების შედეგად თუ პრაქტიკაში ყველაფერი წესრიგში არ იქნება, ამ შემთხვევაშიც არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა. პირველი კატეგორიის ინდუსტრიას ვალდებულება აქვს, რომ სახელმწიფოს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ენერგოაუდიტი.

- რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები ბაზარზე? აღნიშნული წარმოადგენს თუ არა ევროდირექტივებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რამდენი წარმოშობის სერტიფიკატია დღეისათვის გაცემული და როგორია სამომავლო პერსპექტივები?

- დღეისათვის რეგისტრირებულია ენერგიის წარმოშობის 300-მდე სერტიფიკატი. ჩვენი დეპარტამენტი მუშაობს განახლებადი ენერგიების პოლიტიკაზე და ეს არის ერთ-ერთი კანონქვემდებარე აქტი. როდესაც ხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა და მიმოცვლა, რომელთაც აქვთ წარმოშობის სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ეს არის სუფთა და მწვანე ენერგია, ექსპორტიორი ენერგიის გაყიდვაში იღებს ბევრად უფრო მეტს და ეს არის დამატებითი სარგებელი.

არსებობს ერთიანი მიდგომა, რადგანაც ყველა ქვეყანას გააჩნია ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი ემისიების შემცირებისთვის. როდესაც ქვეყანა ძლიერია და საკუთარი განახლებადი ენერგიები ათვისებული აქვს, ის ყიდულობს მესამე ჯგუფის ქვეყნებიდან ელექტროენერგიას და ერთი მხრივ სუფთა ენერგიის, მეორე მხრივ, CO2-ის შემცირებას ადასტურებენ. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ისე სუფთა ენერგიის განვითარების თვალსაზრისით.

- რა პოლიტიკა აქვს ჩვენს ქვეყანას მწვანე ენერგეტიკის ზრდის მიმართულებით?

- მწვანე ენერგეტიკის ზრდაში მონაწილეობას ძალიან ბევრი მიმართულება იღებს, საუბარია ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე, განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგიის შენახვაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მწვანე ენერგეტიკის ზრდის სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც კონცეფციის დონეზე უკვე შემუშავებული გვაქვს.

- საკმაოდ აქტუალურია მწვანე წყალბადით მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში შექმნილი კომიტეტი აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის პოლიტიკის განვითარებაზე. როგორია ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები?

- კომიტეტი თავად არ აკეთებს სტრატეგიას და გეგმას. კომიტეტი არის ორგანო, სადაც ხდება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება და მსჯელობა, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი წყალბადი.

ჩვენ გადავწყვიტეთ მწვანე წყალბადის განვითარება, რადგან დიდი რაოდენობის წყლის ენერგია გვაქვს და სუფთა ელექტროლიზის მეთოდით შესაძლებელია მწვანე წყალბადის განვითარება. მწვანე წყალბადის სტრატეგია უკვე არსებობს და შემდგომ მსვლელობას მივცემთ. ვალდებულება გვქონდა, რომ ეს მიმართულება 2030 წლამდე შეგვესწავლა, გვქონოდა სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი, სადავ აღნიშნული იქნება, სად არის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობა. გერმანიის მთავრობის დახმარებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობას ბათუმის მერიასთან 15-20 ავტობუსის შემოყვანაზე, რომელიც წყალბადზე იმუშავებს. ამ ეტაპზე პროექტის კვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაგეგმილია მწვანე წყალბადზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები