დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბროკერებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტად განვითარდეს კაპიტალის ბაზრები - მიხეილ ხიდურელი

ბროკერებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტად განვითარდეს კაპიტალის ბაზრები - მიხეილ ხიდურელი

12-02-2024 19:00:00

გადავდივართ ახალ ეტაპზე, ვამატებთ კაპიტალის ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განუცხადა.

ხიდურელის განმარტებით, პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში" გადადის ახალ ეტაპზე - ვამატებთ კაპიტალის ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით. კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "აწარმოე საქართველოში" გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე კომპანიების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„ინტერესი რა თქმა უნდა არის, მას შემდეგ რაც ჩვენი მხრიდან მოხდა კომუნიკაცია, ასევე პრემიერ-მინისტრმა ახსენა  პარლამენტში ამ ინიციატივის შესახებ. ამ ყველაფრის შემდეგ ინტერესი გაზიარდა, ჩვენთან უკვე მოდიან კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, რაც ასევე მოიცავს კონკრეტულ ტრენინგებს და ტექნიკურ დახმარებებს.

ამიტომ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითანამშრომლებთ, მაგალითად USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან, რომელიც ჩვენთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს კარგად აუხსნას თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ფასიანმა ქაღალდებმა კომპანიებისთვის და რატომ არის ეს კარგი ალტერნატივა საბანკო სერვისებისთვის.

აღნიშნულ პროექტში ჩვენი პარტნიორები იქნებიან ბროკერები, ანუ მეწარმე, კომპანია ისევ და ისევ მიმართავს ბროკერებს, თუმცა ამ ბროკერებთან ურთიერთობაში, მომზადებაში და შემდეგ უკვე ბროკერების და ასევე სხვა ხარჯების ანაზღაურებაში დავეხმარებით ჩვენ. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ბროკერებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტად განვითარდეს კაპიტალის ბაზრები და უფრო მეტმა კომპანიამ გადაწყვიტოს, დაინტერესდეს დაფინანსების ამ ალტერნატიული წყაროთი“, - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი და მოადგილე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის წარმომადგენლები, ასევე საბროკერო კომპანიები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება.

დაგეგმილია, 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები