დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bostani-ი საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა გახდა

Bostani-ი საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა გახდა

25-06-2023 19:00:48

ბოსტანი/Bostani პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობაა საქართველოში. წარმოების 3 წლის თავზე კომპანიას ბიოსერტიფიკატი ოფიციალურად მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა.

როგორც ბიო „ბოსტნის" დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, სერტიფიკატის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული გზა გაიარა, ამიერიდან კი სტატუსის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა, რაც საბოლოოდ პროდუქტის რეალიზაციასა და მომხმარებლის მხრიდან მოპოვებული ნდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

,,მომხმარებელი მუდმივად ეჭვის თვალით უყურებს წარმოებას, რომელიც ბიო სტატუსს არ ფლობს. აქამდე სიტყვაზე გვენდობოდნენ, ამიერიდან კი ოფიციალურად გვაქვს ბიო წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამი წელია, რაც ბაზარზე ვართ და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ. სერტიფიცირება ამ ნდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

ნამდვილად არ იყო მარტივი, დიდი ბრძოლა დაგვჭირდება მომავალშიც, რომ ხარისხის ნიშა დავიცვათ და 100%-ით ნატურალური, ბიო პროდუქტი ვაწარმოოთ, ამ ხაზს არ გადავუხვევთ. შეიძლება ითქვას, რომ ახლაც ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ.

დიდი შრომა სჭირდება, რომ სტატუსი შევინარჩუნოთ. შარშან შემთხვევა იყო, მავნებელი მწერი გაჩნდა და ერთი სათბური დაგვიზიანდა, წელს ყაბახს გაუჩნდა მავნებელი, ბუნებრივი საშუალებებით ვერ ვუშველეთ (ქიმიას არ ვიყენებთ). მაქსიმალურად ვუვლით პროდუქტებს და ვცდილობთ წლიდან წლამდე გავაფართოოთ წარმოება. სისტემატურად მოხდება შემოწმება, რა ბიოწამლობა ჩატარდა, როგორ მოვუარეთ, ყველაფერი მოწმდება, მთელი ჯაჭვური პროცესია“, - ამბობს ბექა ბარჯაძე.

მისი ინფორმაციით, 2023 წელს ,,ბოსტანი“ 3 ტონა ბიო პროდუქტს მიიღებს. სერტიფიცირების ყოველწლიურ ხარჯს, წარმოების მოცულობაზეა დამოკიდებული და კონკრეტულ შემთხვევაში 1500 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მასერტიფიცირებელ ორგანოს, CAUCASCERT-ია, რომელიც საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი კომპანიაა. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი“ გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები