Wolt საქართველოში გაფართოებას აგრძელებს და პირობას დებს, რომ 2024 წელს ქვეყნის უფრო მეტ ქალაქაში შევა და მოემსახურება მომხმარებლებს. როგორც Business Insider Georgia-სთან “ვოლტ საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა სერგი მარღანიამ განაცხადა, კომპანიას გაყიდვებში ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი აქვს. სერგი მარღანიას თქმით, მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული რითეილ სექტორი და საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანია.
- როგორ აფასებს კომპანია ქართულ ბაზარზე გაყიდვებს ზოგადად და რით იყო გამორჩეული 2023 წელი?
- 2023 წელი Wolt-ისთვის ზრდის და გაფართოების წელი იყო. მომხმარებლის ცხოვრების სტილის ცვლილება იწვევს პლატფორმული ბიზნესის სულ უფრო და უფრო მეტ ზრდასა და განვითარებას. Wolt-მა, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა ამ ბიზნესში, ოთხ ახალ ქალაქში დაიწყო ოპერირება.
დღეის მდგომარეობით საქართველოს ცხრა ქალაქში ვართ წარმოდგენილი. რაც შეეხება გაყიდვებს, კომპანიას ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი აქვს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რითეილ სექტორის გააქტიურება. საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანია და ეს პროცესი მოსახლეობის საშუალო ფენის შემოსავლების ზრდაზე მიუთითებს.
- წლის განმავლობაში რა გაქვთ საშუალო სტატისტიკა რამდენ მომხმარებელს ემსახურებით და რა არის თქვენს მიწოდებაში ყველაზე მოთხოვნადი top-5 სერვისი. ასევე როგორია დღიური საშუალო სტატისტიკა.
- შეკვეთებისა და მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია. ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებზე შემიძლია, გითხრათ შემდეგი; საქართველოში ყველაზე მეტად ბურგერი, იტალიური სამზარეულო, შაურმა, ჯანსაღი კვება, და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულოა პოპულარული.
სარესტორნო ბიზნესს მიღმა კი, ფარმაცია და სუპერმარკეტები ლიდერობენ. რა თქმა უნდა, TOP-5-ში არ შედის, მაგრამ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება Wolt-ით ისეთი სერვისების შეკვეთა, რომელიც დღემდე მიტანის სერვისთან არ ასოცირდებოდა. მაგალითად, სასწავლო კურსები, წიგნები, სათამაშოები, ელექტრონიკა, ყველაფერი შინაური ცხოველებისთვის და სხვა მრავალი საინტერესო პროდუქტი.
- თბილისის გარდა კიდევ რომელ ქალაქებში ხართ წარმოდგენილი და რა გეგმებია ამ მიმართულებით 2024 წელზე.
- ამ ეტაპზე ვართ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ქობულეთში, გორში, თელავში და ბათუმში. 2024 წელს უფრო მეტ ქალაქში შეგვხვდებით.
- მთლიანობაში კომპანია საქართველოში რამდენ ადამიანს ასაქმებს საშუალოდ და როგორია მოთხოვნა დასაქმებაზე?
- მოგეხსენებათ, პლატფორმული ბიზნესი თანდათან სულ უფრო და უფრო მზარდი და პოპულარული ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ორი სხვადასხვა ცნება - დასაქმებული და პლატფორმული ბიზნესით შექმნილი დასაქმების, დამატებითი თუ ახალი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. რაც შეეხება უშუალოდ Wolt-ის თანამშრომლებს, ჩვენ 550 თანამშრომელი გვყავს. უკეთ რომ გაჩვენოთ მასშტაბი, რამდენად მზარდია ეს ბიზნესი, გეტყვით, რომ Wolt-ის საქართველოში შემოსვლისას, 9 თანამშრომელი გვყავდა. აქვე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ხსენება, რომლებიც არ არიან Wolt-ის თანამშრომლები, არიან პარტნიორები, მაგრამ Wolt-თან პარტნიორობა მათთვის დასაქმებისა თუ შემოსავლების ზრდის შესაძლებლობაა. მაგალითად, გვყავს პარტნიორი ობიექტები, რომელთა შემოსავლები ჩვენი პლატფორმის საშუალებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და გვყავს ისეთი პარტნიორი ობიექტებიც, რომლებიც პლატფორმულ ბიზნესთან ერთად გამოჩნდნენ.
ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, ისინი ქმნიდნენ პროდუქციას, მაგრამ მომხმარებლამდე მისი მიტანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. დღეს კი, მათ აქვთ საშუალება, აწარმოონ პროდუქცია, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს Wolt. დღეს უკვე ჩვენი პარტნიორი ობიექტების რაოდენობა 3 ათასს აღწევს. კურიერიც Wolt-ის პარტნიორია, ის საკუთარ თავს თავად ასაქმებს, Wolt მას უბრალოდ აძლევს ამის შესაძლებლობას. დღესდღეობით ჩვენ 8 ათასამდე პარტნიორი კურიერი გვყავს. ჩვენს უშუალო თანამშრომელს რაც ეხება, ამ ეტაპზე 550-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ, მათ შორის არიან ისეთი კადრები, ვინც საქართველოდან უწევს მხარდაჭერას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში Wolt-ის მომხმარებლებს. ძალიან გვჭირდება საფორთის გერმანულენოვანი კადრები, ვეძებთ, მაგრამ საკმარის რაოდენობას ვერ ვპოულობთ.
- დღეისათვის ბაზრის რა წილს ფლობთ და რას აკეთებთ იმისათვის, რომ ბაზარზე წილი კიდევ უფრო გაზარდოთ, ანუ რით უნდა დააინტერესოთ როგორც პოტენციური მომხმარებელი, ასევე სერვისის მიმწოდებლები?
- საქართველოში Wolt-ს, როგორც ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერს ძალიან მყარი და რაც მთავარია მზარდი პოზიცია აქვს ბაზარზე. ამ სფეროში ანგარიშგასაწევი ლიდერები ვართ და ამას ინოვაციების მუდმივი დანერგვით და მომხმარებლის საჭიროების მუდმივი კვლევით მივაღწიეთ. მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და გარწმუნებთ, Wolt მუდმივად იზრუნებს ჩვენი მომხმარებლისთვის მეტი სერვისის, უფრო მრავალფეროვანი პროდუქტის, მეტი სავაჭრო ობიექტის ხელმისაწვდომობაზე. მომხმარებელი ჩვენგან მათთვის სასიამოვნო კიდევ უფრო მეტ სიახლეს უნდა ელოდოს.
უახლესი