დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე ქართული ტაქსის კომპანია Venio გამოჩნდა

ბაზარზე ქართული ტაქსის კომპანია Venio გამოჩნდა

25-04-2023 09:30:57

1-ელი მარტიდან ბაზარზე ახალი ქართული ტაქსის კომპანია Venio (ვენიო) გამოჩნდა, რომელსაც უკვე 600-ზე მეტი პარტნიორი მძღოლი და დღეში 70-ზე მეტი გამოძახება აქვს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით ჯაფარიძემ განუცხადა, Venio-ს პლატფორმას დღეში საშუალოდ 30 მძღოლი ემატება

„ამ ეტაპისთვის ჩვენთან რეგისტრირებულია 600-ზე მეტი მძღოლი და ეს რიცხვი მზარდია. ყოველდღიურად 20 მძღოლი, შესაძლოა 40 მძღოლიც კი დაგვემატოს. საშუალო მაჩვენებელი 30 მძღოლია.რაც შეეხება გამოძახებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მარკეტინგული კამპანია არ გვიწარმოებია, ყოველდღიურად 70 + გამოძახებაა.

რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ეს დამოკიდებულია მძღოლების რაოდენობაზე. თუ მძღოლების რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად ჩვენც შევძლებთ ვთქვათ, რომ რეგიონებშიც ვოპერირებთ. ამ ეტაპისთვის თბილისზე ვართ ორიენტირებული“, - აცხადებს დავით ჯაფარიძე.

Venio-ს გეგმა ამ ეტაპზე 2000-მდე პარტნიორი მძღოლის მიზიდვაა. 

რაც შეეხება ტარიფებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე სამართლიანი ტარიფებით ოპერირებენ. 

„ჩვენ სამართლიანი ტარიფები გაქვს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ მგზავრებს გაცილებით დაბალ ტარიფებს ვთავაზობთ, მით უმეტეს, თუ აპლიკაციას ბარათს მიაბამს, 20-25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს. შესაბამისად არის იმის საშუალება, რომ მგზავრმა გაცილებით იაფად იმგზავროს, ვიდრე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

დავით ჯაფარიძის თქმით, დღეისათვის პლატფორმაში ჩართული მძღოლი თითო გამოძახებიდან Venio-ს 50 თეთრს უხდის, თუმცა სამომავლოდ კომპანია 10%-იან მარჟაზე გადასვლასაც არ გამორიცხავს. 

„სტატიკური არაფერია, მით უმეტეს ეკონომიკა. თავიდან ჩვენ ბაზარზე სწორედ ამ პრინციპით შემოვედით. შემდეგ მძღოლებში მოხდა აზრთა სხვადასხვაობა, ბევრმა მათგანმა ვერ გაიგო ეს 50 თეთრი რას ნიშნავდა. ამიტომ მარტივად მოვახდინეთ ჩვენი პარტნიორი მძღოლების გამოკითხვა და შესაბამისად მივედით დასკვნამდე, რომ საშუალო ტარიფი, რომელიც 5 ლარია -  ამის 10% შეადგენს 50 თეთრი. ჩვენ პირდაპირ ვკითხეთ მათ, რომელი ურცევნიათ: პროცენტული მარჟაზე გადასვლა, თუ ისევ 50 თეთრიანი ტარიფი? მძღოლების 95%-მა გვიპასუხა, რომ მათ 10%-იანი მარჟა უფრო გაუადვილებთ შემოსავლების დათვლას“, - განმარტავს Venio-ს ხელმძღვანელი.

დავით ჯაფარიძის თქმით, კომპანია ჯერჯერობით ისევ 50 თეთრიანი ტარიფით მუშაობს, თუმცა თუ მძღოლების უკმაყოფილებას ისევ დააფიქსირებენ, სამომავლოდ 10%-იან მარჟაზე გადასვლას არ გამორიცხავენ.

დღეისათვის Venio-ს 6000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის კომპანიას პარტნიორი მძღოლების რეგისტრაციის პროცესში ერთგვარი ფილტრი აქვს და საკუთარ პლატფორმაზე 2000 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებს არ არეგისტრირებს.

როგორც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Venio არ არის უშუალო სატრანსპორტო მომსახურების შემსრულებელი, არამედ აკავშირებს აპლიკაციის საშუალებით მძღოლებს მგზავრებთან და ამავდროულად სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების მიერ. მომხმარებლის მიერ შეკვეთილი მგზავრობის  საფუძველზე, მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად, როგორც ეკონომიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები.

„კომპანიის შექმნისას თავიდანვე აქცენტი გაკეთებული იყო სატრანსპორტო მომსახურებაზე მობილური აპლიკაციის საშუალებით. სახელიც სწორედ ამ მოტივით შეირჩა, რომელიც ასოცირებული იქნებოდა „მოსვლასთან“. სიტყვა Venio (ვენიო) ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „მოვდივარ“, რაც შემდგომში კომპანიის სამომავლო მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე ადვილად დასამახსოვრებელ თუ გამოსათქმელ ბრენდად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნე ციფრულ საუკუნედ არის აღიარებული, კომპანიები ცდილობენ თავიანთი აპლიკაციების ფართოდ გავრცელებას. სწორედ ეს არის კომპანია Venio-ს მიზანიც, აამაღლოს ცნობადობა და გაზარდოს გამოყენების არეალი მის მიერ შექმნილი ქართული პროგრამული პროდუქტის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, რომლითაც თამამ სიტყვას იტყვის მსოფლიოს წინაშე, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ამ კუთხით რეალური, ხელშესახები შედეგების მიღწევა“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები