დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე ჩინური ავტომობილების წილი გაიზარდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“

ბაზარზე ჩინური ავტომობილების წილი გაიზარდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“

09-05-2024 18:00:00

ბაზარზე გაიზარდა ჩინური ავტომობილების წილი, თუმცა დაახლოებით 2 ათას მანქანამდე შეადგენს, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელიი იმ ფონზე, როცა აშშ-დან თვეში ხდება 20 ათასამდე ავტომანქანის იმპორტი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ავტობაზარი პროფიციტულია, ძვირადღირებული ავტომობილები დაახლოებით 20%-ით გაიაფდა. 

„კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტში საქართველოსთვის ძირითადი ბაზრებია ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. მისი თქმით, კიდევ არის რამდენიმე მიმართულება სადაც სამუშაოა და სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენს.

„აშშ და გერმანია იმპორტში ლიდერები არიან. ადგილობრივ ბაზარზე და რეექსპორტის შემთხვევაში კვლავ ყველაზე მოთხოვნადია ტოიოტა, ჰიუნდაი, KIA და ფორდი“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა. 

შსს-ს  მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი. უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

ავტომობილების ექსპორტი: 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 3.128 ავტომობილი გაიყვანა. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 3.018 მსუბუქი ავტომობილი, 12 სპეციალიზებული ავტომობილი, 31 სატვირთო, 11 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 7 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 22 მისაბმელი და 27 მოტოციკლი.

ავტომობილების რეექსპორტი: 2024 წლის პირველ სამ თვეში რეექსპორტზე გავიდა 19.169 ავტომობილი. შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 18.753 მსუბუქი ავტომობილი, 56 სპეციალიზებული ავტომობილი, 187 სატვირთო მანქანა, 53 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 26 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 58 მისაბმელი და 36 მოტოციკლი.

ავტომობილების იმპორტი: რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ პირველ კვარტალში 29.040 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2024 წლის სამი თვეში ქვეყანაში შემოვიდა 25.249 მსუბუქი ავტომობილი, 415 სპეციალიზებული ავტომობილი, 1.964 სატვირთო მანქანა, 235 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 265 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 568 მისაბმელი და 344 მოტოციკლი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები