Ambassadori Batumi Island-ის ინოვაციური პროექტი, რომელიც ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და კუნძულის მშენებლობას ითვალისწინებს, ახალ ფაზაში გადავიდა.
„ამბასადორი ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ბოლო ოფიციალური აუდიტის ანგარიშების მიხედვით პროექტის მიმდინარე საერთო ჯამური ხარჯი 20 755 174 ლარია.
„ამან მოგვცა მიგვეღწია რამდენიმე გარდამტეხი ეტაპისთვის:
საფუძვლიანი წინასწარი კვლევა: პროექტის ფარგლებში ჩატარდა 40 წინასაპროექტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ამ დეტალურმა კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა პროექტის წარმატებული განვითარებისთვის.
პროექტის სრული დოკუმენტაცია: ორივე ნახევარკუნძულისა და კუნძულის დიზაინის დოკუმენტაცია ზედმიწევნით მოამზადა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ, რაც ნიშნავს, რომ მშენებლობისთვის გვაქვს მკაცრად განსაზღვრული გეგმა. პროექტის მოდელირება განხორციელდა უმაღლესი რეპუტაციის მქონე ლაბორატორიებში, სადაც დადასტურდა მისი სტრუქტურული მდგრადობა და სიმყარე.
ლანდშაფტი და განაშენიანება: „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალური გეგმის შემუშავებასა და დეტალური დოკუმენტაციის შექმნაზე იზრუნა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია ARUP GROUP-მა, რომელიც ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. ნახევარკუნძულებისა და კუნძულის გენერალური გეგმა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით, თანამედროვე ქალაქების მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკას.
სამშენებლო აღჭურვილობა: ამ შთამბეჭდავი ნახევარკუნძულებისა და კუნძულის ასაშენებლად უკვე მობილოზებულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და აღჭურვილობა.
გარემოსდაცვითი მიდგომა: "ამბასადორი ბათუმი აილენდის" პროექტის ფარგლებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით თემას. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია ეკოლოგიური ზემოქმედების სკოპინგის ყოვლისმომცველი ანგარიში, რაც ადასტურებს პროექტის შესაბამისობას მდგრადი განვითარების მსოფლიო პრაქტიკებთან“, - აცხადებენ Ambassadori Batumi Island-ში.
Ambassadori Batumi Island-ი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტია, რადგან მას აქვს პოტენციალი, გარდაქმნას ბათუმი საერთაშორისო დონის მიმართულებად.
„ნახევარკუნძულების და კუნძულის შექმნა კიდევ უფრო გაალამაზებს რეგიონის ბუნებრივ ლანდშაფტს და მოიზიდავს ტურისტებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას და შექმნის დასაქმების შესაძლებლობას მოსახლეობისთვის“, - აღნიშნულია Ambassadori Batumi Island-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
უახლესი