არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოში წარმოებული ცოცხალი ხილ-ბოსტნეულის და ნატურალური წვენების ექსპორტი გაიზრდება, ასევე ველოდებით, რომ ქართულ ღვინოზეც გაიზრდება მოთხოვნა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გვანცა მელაძემ განაცხადა.
როგორც მელაძე აცხადებს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ტურისტულ სეგმენტზე ღვინის მოხმარებაზე რეგულაციები შემსუბუქდა და ახლა ქართულ ღვინოს აქვს დიდი შანსი, რომ ამ ბაზარზეც აქტიურად მოხვდეს, თუმცა ამისათვის გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.
გვანცა მელაძე მიიჩნევს, რომ სასურველია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ქართული ღვინის ექსპორტისთვის კონკრეტულად საიმპორტო საცალო ქსელებთან დაიწყოს მუშაობა.
„უკვე 7-8 წელია იზრდება ექსპორტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებით და ფაქტობრივად წელს ღირებულებით ნაწილში უფრო მეტი პროდუქციაა გასული, ვიდრე მთლიანად 2022 წლის განმავლობაში. ეს არის დადებითი ტენდენცია.
რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს გათავისუფლდება პროდუქცია სატარიფო გადასახადისგან, რაც უკვე გადის და მომავალში გაეხსნება გზა ისეთ პროდუქციას რაზეც მოთხოვნა ამ ბაზარზე გაიზრდება.
ჩვენი გამოკვლევებით, განსაკუთრებული პოტენციალი, სავარაუდოდ გამოვლინდება, ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით, ნატურალური წვენების მიმართულებით და ასევე ველოდებით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება და ქართულ ღვინოს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ამ ბაზარზეც წარმოჩინდეს.
ამ ქვეყანაში ცოტა ხნის უკან მოიხსნა გარკვეული რეგულაციები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ტურისტულ სეგმენტებზე. აქედან გამომდინარე ახლა არის ძალიან კარგი დრო იმისთვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიღოს როგორც სახელმწიფომ ასევე კერძო სექტორმა, რომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს მუშაობა, რადგან ალკოჰოლური სასმელების ყველა ცნობილი ბრენდი ახლა ცდილობს, რომ დაიპყროს ეს ბაზარი.
რასაც ჩვენ სექტორულ ჭრილში ვუყურებთ მოთხოვნა ძალიან მაღალია ძვირფას ლითონებზე, სამკაულზე, დიზაინერულ პროდუქციაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ლოგისტიკურად საკმაოდ ხელსაყრელია ქართული ბიზნესისთვის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები.
პოზიტიური ფაქტორის არის ის, რომ რაზეც არის მოთხოვნა წონაში არის მსუბუქი და მსუბუქი წონის პროდუქციის ექსპორტი საჰაერო გადაზიდვების მეშვეობით მარტივია და შესაბამისად ამ პროდუქციის ფასიც უძლებს ძვირიან გადაზიდვას.
აქედან გამომდინარე სტრატეგია ნათელია, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მაღალი ღირებულებისა და მსუბუქი პროდუქციის გადაზიდვები მოხდეს“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გვანცა მელაძემ.
როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.
იგივე თემაზე:
უახლესი