არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, NGO-ები ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება.
„თქვენ იცით კონტექსტი როგორი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის. NGO-ებს ჰქონდა რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, სხვა მონაცემები და ამით საფუძველი დაუდეს პირველ რევოლუციურ ქმედებას ჩვენს ქვეყანაში. 2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მე-2 მცდელობა. აქ უკვე უშუალოდ ავიდნენ ისინი პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, წარმოიდგინეთ NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირებას, ეს იყო რევოლუციის მე-2 მცდელობა. ეს მცდელობა წარმოებდა უცხოური ფულით, ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში. დღესაც ისინი ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არის, მართალია სუსტი, მაგრამ უკვე მე-3 მცდელობა. ასეთ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ NGO-ების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი