დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
aPaW-ის აპლიკაცია აშშ-ში გახდება ხელმისაწვდომი, ვგეგმავთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე შესვლას - კომპანიის დამფუძნებელი

aPaW-ის აპლიკაცია აშშ-ში გახდება ხელმისაწვდომი, ვგეგმავთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე შესვლას - კომპანიის დამფუძნებელი

09-07-2024 16:56:00

aPaW ეს არის პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც შინაური ცხოველების მეპატრონეებს ყველა სერვისს ერთ სივრცეში სთავაზობს.

2024 წლის ბოლომდე aPaW-ს პლატფორმა ჩაეშვება აშშ-ში. მოლაპარაკებებია ასევე ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში შესვლაზეც. 

aPaW არის ასევე საუკეთესო პლატფორმა ცხოველთა მოვლის სპეციალისტებისთვის საკუთარი სერვისის პოპულარიზაციისათვის. 

როგორც Business Insider Georgia-სთან aPaW-ს დამფუძნებელმა გიორგი წურწუმიამ განაცხადა, aPaW ბაზარზე ცოტა ხნის წინ ჩაეშვა, თუმცა მცირე დროის მიუხედავად სერვისი საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. 

„ზოგადად  aPaW-ის შექმნის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ დავინახეთ საჭიროება შექმნილიყო ცენტრალიზებული პლატფორმა საქართველოში, სადაც შინაური ცხოველების მფლობელები მარტივად შეძლებენ მათი ცხოველებისთვის იპოვონ და დაჯავშნონ სხვადასხვა სერვისი, რათა უზრუნველყონ ხარისხიანი ზრუნვა და კომფორტი.

გარდა ამისა მოგეხსენებათ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი იტანჯება Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში სანდო ცხოველების მოვლის სერვისების მოძებნით, რაც ერთ-ერთი შთამაგონებელი იყო იმისა, რომ აუცილებლად უნდა შექმნილიყო რაიმე ისეთი პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში  ცხოველთა მფლობელები მარტივ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებდნენ“, - განმარტავს aPaW-ს დამფუძნებელი.

დღეისათვის aPaW მომხმარებელს ყველა იმ სერვისს აწვდის, რომელიც შესაძლოა შინაური ცხოველის მფლობელს დასჭირდეს, ესენია მაგალითად, ცხოველის გამსეირნებელი, ცხოველის ძიძა, ცხოველის სასტუმრო, ცხოველის მწვრთნელი, გრუმინგი, ტრანსპორტირება, ვეტერინარი, ვეტერინარული კლინიკა, ვეტ აფთიაქი და ზოო მაღაზია. 
მოთხოვნა აღნიშნულ სერვისებზე საკმაოდ მაღალია და სწორედ aPaW არის ადგილი, სადაც ნებისმიერი სახის  სანდო და ხარისხიან მომსახურებას იპოვით. გარდა ამისა შესაბამისი სერვისების მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი სერვისების მიწოდება aPaW-ს მეშვეობით განახორციელონ. 

„აღსანიშნავია, რომ aPaW-ზე რეგისტრირებული სერვის პროვაიდერების რიცხვი დღითი დღე საგრძნობლად  იზრდება. პლატფორმას შესაძლებლობების კუთხით მრავალი უპირატესობა აქვს, მაგალითად ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს, რომელთაც სტანდარტულ გრაფიკიანი სამუშაოს დრო არ აქვთ, შეუძლიათ გამოიყენონ პლატფორმა და სულ რაღაც რამდენიმე საათში გამოიმუშაონ გარკვეული თანხა. თანაც მათ სურვილისამებრ  შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ, რომელი სერვისის გაწევაა მათთვის ყველაზე მისაღები, იქნება ეს ცხოველის გასეირნება, ძიძა თუ სხვა. გარდა ამისა არამარტო რიგითი ადამიანებისთვის არამედ ვეტკლინიკების, ზოომაღაზიებისა და სხვა დაწესებულებებისთვისაც საკმაოდ მომგებიანია ჩვენი პლატფორმა, რადგან მოგეხსენებათ დღეს დღეობით დიდ პრობლემას წარმოადგენს მოძებნო კარგი სპეციალისტი ან საჭირო მედიკამენტი ცხოველისთვის, ამიტომ, როდესაც ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება ბევრად მარტივია, რაც ავტომატურად  გაზრდის  მომხმარებლების რაოდენობასაც“, - განმარტავს გიორგი წურწუმია.

aPaW-ზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს. 

„ხოლო, რაც შეეხება მათი პროფესიონალიზმის შემოწმებას იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი სერვის პროვაიდერი რეგისტრირდება პლატფორმაზე ჩვენთვის შეუძლებელია  სათითაოდ მოხდეს მათი კვალიფიკაციის შემოწმება. შესაბამისად პლატფორმას აქვს ფუნქცია, რომელიც სერვის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს მიუთითონ მათი კვალიფიკაციის შესახებ, ხოლო მომხმარებლებს კი აქვთ შეფასების სარეიტინგო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეულ სერვის პროვაიდერს დაუწერენ სათანადო ქულას და ე.წ ფიდბექს, რაც მომავალში ამარტივებს არჩევანის გაკეთებას თუ რომელი სერვის პროვაიდერი არის უკეთესი“, - აცხადებენ კომპანიაში.

aPaW-ს პლატფორმაზე ყველა სერვისი მოთხოვნადია, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ალბათ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც ისეთ სერვისებს აქვთ, რომელიც დიდად არ არის საქართველოში დამკვიდრებული, მაგალითად ცხოველთა ტრანსპორტირება ან გასეირნება.
დღეისათვის არსებული სტატისტიკით, პლატფორმაზე განთავსებულ სერვისებზე მოთხოვნას უფრო კატების და ძაღლების მფლობელები აკეთებენ. 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი შინაური ცხოველის მფლობელს შეუძლია რეგისტრაცია, თუმცა ჯერჯერობით  მაინც ძაღლებისა და ფისოების მფლობელები აქტიურობენ, რადგან, მოგეხსენებათ ეს შინაური ცხოველების ის ორი კატეგორიაა რომელიც მრავლად ჰყავთ საქართველოში. შესაბამისად მათზე მორგებული სერვისების მოთხოვნაც შედარებით მეტია“, - აცხადებს aPaW-ს დამფუძნებელი.

aPaW-ს სერვისებით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი.

„ჩვენი სერვისით სარგებლობა  შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და მოიცავს ყველა რეგიონს. ვცდილობთ არც ერთი რეგიონი დავტოვოთ ყურადღების მიღმა. ჩვენი აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქცია  სწორედ ლოკაციის დადგენაა, რაც გვეხმარება იმაში, რომ ერთ რეგიონში მყოფი მომხმარებლები და სერვის პროვაიდერები დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ხაზგასასმელია და აღვნიშნავ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, პლატფორმის სტარტაპი საქართველოში დაიწყო, aPaW მხოლოდ ქართული ბაზრისთვის შექმნილი პლატფორმა არ არის და მიმდინარე წელს aPaW-ს პლატფორმა ჩაეშვება და აქტიური იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდა ამისა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გასაფართოებლად. შესაბამისად ჩვენი მიზანია aPaW მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იყოს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს aPaW-ს დამფუძნებელი.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები