დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტის აშენებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება - მამუკა მურჯიკნელი

ანაკლიის პორტის აშენებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება - მამუკა მურჯიკნელი

13-11-2023 13:30:42

რამდენად მზად არიან ქართული პორტები, რომ ფეხი აუწყონ იმ პროექტებს, რომელიც ჩვენი რეგიონის ფარგლებში იგეგმება? ამ კითხვით Business Insider Georgiam საქართველოს ბიზნესასოციაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს მამუკა მურჯიკნელს მიმართა, რომელიც პარალელურად ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორია.

მურჯიკნელი გვეუბნება, რომ მზაობა არსებობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე, მხოლოდ პორტებზე საუბარი ალბათ არ იქნება სწორი, საკითხი უფრო მასშტაბურად და კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. მაგალითისთვის, მხოლოდ პორტის მზაობა არ არის საკმარისი ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულად მუშაობისთვის. აუცილებელია, რომ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ერთობლივად განვითარდეს, მოდერნიზდეს და დაიხვეწოს“.  

მამუკა მურჯიკნელს მიაჩნია, რომ ქართული პორტები სრულად ვერ ითვისებენ იმ რესურსებს, რაც საქართველოს შავი ზღვის რეგიონს გააჩნია.

მურჯიკნელი ამის მიზეზად გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და იმ მოვლენებს ასახელებს, რომელიც რეგიონსა და სამეზობლოში განვითარდა.

„ამის განჭვრეტა და წინასწარ მომზადება ალბათ შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჩვენმა სატრანსპორტო-ლოგისტიკურმა დერეფანმა საკმაოდ ნორმალურად გაართვა თავი ამ გამოწვევას. ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა და ბიზნესმაც და სახელმწიფომაც, ერთობლივი მუშაობით, შევძელით და შევქმენით ღირსეული ალტერნატივა, რომელიც სწრაფი და უსაფრთხოა როგორც ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ მიმართული ტვირთისთვის, ასევე პირიქით“, - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ქართული პორტების წინაშე დღეს არსებულ 2 ძირითად გამოწვევას გამოჰყოფს. ესენია - მასშტაბი და მოდერნიზაციის აუცილებლობა.

ჩვენი რესპონტენდი ამბობს, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ბიზნესის აქტიურობის დამსახურებით, ის მასშტაბები, რაც ბათუმისა და ფოთის პორტებს აქვთ საკმარისი აღარ არის, რათა მოემსახურონ იმ ტვირთებს, რომელიც შუა დერეფანში გადის და გაივლის.

ამიტომაც მურჯიკნელს მიაჩნია, რომ მესამე, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს. 

„თუმცა, მხოლოდ პორტის აშენებით პრობლემა ვერ მოგვარდება. ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, პორტების მოდერნიზაციასთან და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად თუ არ მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და ვაგონების პარკის განახლება, მხოლოდ პორტების მშენებლობა და განვითარება შედეგს ვერ მოგვცემს“, - გვიხსნის მამუკა მურჯიკნელი.

მამუკა მურჯიკნელი ანაკლიის პორტს მომავლის პროექტად ასახელებს, მას მიაჩნია, რომ ეს პროექტი საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის ტვირთბრუნვას სულ სხვა მასშტაბზე გაიყვანს.

„ახლა არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ვეცადოთ, ტვირთი შევინარჩუნოთ  და მისი მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ გარდა უსაფრთხოებისა, ჩვენი დერეფანი ეკონომიკურადაც მომგებიანი და სწრაფია.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ამ საკითხს ვერ მოაგვარებს, საჭიროა მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის ერთიანი განვითარება და როგორც, ჩემთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზასაც დაწყებული აქვს უკვე ამ საკითხზე აქტიური მუშაობა“, - ამბობს საქართველოს ბიზნესასოციაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი.

ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ამიტომაც გვაინტერესებს ინვესტორის შერჩევისას რა უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ.

მურჯინკელი ამბობს, რომ ბიზნესის კუთხით მთავარი პრიორიტეტი გამოცდილებაა, თუმცა რადგან ანაკლიის პორტი არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ პროექტს და ის სტრატეგიული ობიექტია, მურჯიკნელს სჯერა, რომ ხელისუფლება ინვესტორის შერჩევისას სახელმწიფოებრივ ინტერესს დაიცავს. სახელმწიფო ინტერესების დაცვის ნაწილია ისიც, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილს მფლობელი იქნება.

 

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები