ამანათებისა და გზავნილების ტარიფს ბაზარი არეგულირებს, - ამის შესახებ Busienss Insider Georgia-ს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელმა და კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ტარიფის მოცულობას ბაზარზე ძირითადად კონკურენცია განსაზღვრავს, თუმცა არის სხვა კომპონენტებიც.
„შეფასება, რომ დღეს ტარიფები მაღალია ან დაბალი არ არის მართებული. დღეს ამანათებისა და გზავნილების ტარიფი დამოკიდებულია გადასახადების რაოდენობაზე, საწვავის ხარჯზე, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკური მომსახურებების ღირებულებებზე“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი
მისი თქმით, დღეს ამანათებისა და გზავნილების ადგილობრივ ბაზარზე ფასს კონკურენტული გარემო არეგულირებს.
რაც შეეხება კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ნინო მენთეშაშვილი ამბობს, FedEX-ს აქვს რამდენიმე ლოგისტიკური სერვისი.
„ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საერთაშორისო და სწრაფი მიწოდება, შეგვიძლია ადგილობრივი ბაზრის სრულად დაფარვა, ხოლო 2024 წლიდან მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ვიქნებით, რადგან გაიხსნება ახალი ლოგისტიკური ცენტრი და სხვა კომპანიებსაც გაუიაფდებათ ლოგისტიკური სერვისები“, - ამბობს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, ამანათების კუთხით FedEX-ი დაახლოებით 230 ქვეყანას ფარავს.
„ჩვენ ვართ FedEx-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ ზონასა და რამდენიმე ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ეს სერვისები.
ამანათებისა და გზავნილების ადგილობრივ ბაზრის 15%-17%-ი გვიჭირავს. კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.
უახლესი