ქართული, ჯანსაღი, არომატული ხემსის მწარმოებელი კომპანია Pomona•პომონა გაფართოების შემდეგ, შიდა ბაზრის წილის ზრდას, ტურისტებისთვის მასტერკლასების შეთავაზებას და სამომავლოდ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან პომონას დამფუძნებელმა მარიამ ტატიშვილმა განაცხადა, კომპანიას სამომავლოდ საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს და ამ მიზნების მისაღწევად კომპანია აქტიურად მუშაობს.
„პომონა ბაზარზეა უკვე 2 წელია და თავის დროზე წარმოება ბრიტიშ პეტროლეუმის გრანტით დავიწყეთ. 2023 წელს კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტის ფარგლებში 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, ხოლო წელს უკვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით ვებ-გვერდი დავამზადეთ და ამჟამად სოფელ მუხრანის განვითარების ფონდით ტურისტულ პროგრამაში ვმონაწილეობთ და მალე, გვექნება სიახლე, რომ დავიწყებთ მასტერკლასებს და სტუმრებს გავაცნობთ ჩირის შრობის პროცედურებს, შეფუთვის ტექნოლოგიებს, შოკოლადში ამოვლებას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მზად უკვე სექტემბრიდან ვიქნებით და ჯავშნებსაც შესაბამისად ონლაინ მივიღებთ“, - აცხადებს მარიამ ტატიშვილი.
პომონამ, რომელმაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტით დანადგარები შეიძინა და საწარმოო პროცესი გააფართოვა და დააჩქარა, წელს უკვე მეტი პროდუქციის გადამუშავებას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას გაყიდვებსაც გაუზრდის.
„გაყიდვებს რაც შეეხება ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, თუმცა 2023 წელს მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ეს მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ და პროდუქცია არ გვეყო. წელს კი უკვე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი პროდუქციის წარმოებას ვგეგმავთ და გეტყვით, რომ ჩვენი ხაზი 100%-ით ნატურალურია და არ ვიყენებთ კონსერვანტებს, შაქარს და სხვა რომელიმე დანამატს. ვაწარმოებთ ჩირების ნაირსახეობას, ვაშლის ჩიფსებს, ტყლაპებს.
პომონას უპირატესობას მისი შრობის ტექნოლოგია წარმოადგენს. შრობა დანადგარის მეშვეობით ისეთ ტემპერატურაზე ხდება, რომ მიახლოებულია მზეზე შრობასთან. შესაბამისად პროდუქცია გემოვნურ თვისებებს და სასარგებლო მაჩვენებლებს 100%-ით ინარჩუნებს.
დიდ ქსელურ სუპერმარკეტებთან მოლაპარაკების დაწყებას ნელ-ნელა ვაპირებთ, თუმცა ჯერჯერობით რაოდენობის ზრდაზე ვართ ორიენტირებულები და არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვცდილობთ“, - ამბობს პომონას დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ პომონამ აქტიურად იმუშავა HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე და ახლა უკვე ISO სერტიფიკატის მიღებაზე იწყებს ზრუნვას.
„და ამის შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზეც, რადგანაც საექსპორტო პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულს სტანდარტებს და ამ სერტიფიკატის მიღება ამისთვის აუცილებელია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
წელს პომონა 5-დნ 10 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებას აპირებს. დღეისათვის პომონას პორტფელში ყველაზე გაყიდვადი ქლიავის ჩირი, ტყემლის ტყლაპი და ხურმის ჩირია.
პომონა არის ქართული, ჯანსაღი ჩირეულის მწარმოებელი ბრენდი რომელიც 2022 წლიდან აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ხემსს.
საწარმო მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუხრანში. ასევე კომპანია ფლობს შავი ქლიავის ბაღებს სოფელ მუხრანში საიდანაც აწარმოებს შავი ქლიავის ჩირს და ტყლაპს. საწარმოში სხვა ნედლეულის მიწოდება მთლიანად ადგილობრივი ქართველი ფერმერებისგან ხდება.
პომონას მთავარი იდეა ჩამოყალიბდა შექმნილი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ქართული, ნატურალური პროდუქტი (ჩირეული, ტყლაპი, ჩიფსი), რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.
პომონამ 2022 წელს წარმოება დაიწყო ბრიტიშ პეტროლეუმის გრანტით რითაც შეიძინა საშრობი დანადგარი, 2023 წელს კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროექტის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის გრანტი მოიპოვა და წარმოების პროცესი გააფართოვა და დაამატა ახალი დანადგარები და გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი.
2023 წელს კომპანიამ სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP დანერგა.
უახლესი
18 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება19 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით