მაღალმთიან აჭარაში, ქედის სოფელ დანდალოში პრემიუმ კემპინგი Hill Inn - ჰილლ ინნ სერვისს აფართოებს. ძალიან მალე ტურისტული ობიექტი რესტორანს გახსნის.
როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი მაია ვერძაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ობიექტი მეტნაკლებად ყველა სეზონზე იყოს დატვირთული. კომფორტული სასტუმრო პანორამული ხედებით, კინოთეატრით, ბიბლიოთეკით და სპა ზონით შუაგულ ტყეში მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
,ჰილლ ინნი“ რეგიონში პირველია, ვინც კემპინგის სერვისი შესთავაზა მომხმარებელს და დღეს ეს მიმართულება იმდენად პოპულარულია, რომ უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავს.
,,ჩვენი განთავსების ობიექტი მდებარეობს ტყეში, სიმწვანეშია ჩაფლული, ის ტერიტორია, სადაც ახლა ტენტები არის განთავსებული ხეებს ესაზღვრება. მეგობრული შეკრებებისა და ოჯახებისთვის დასვენების საუკეთესო ადგილია. ვფიქრობთ რესტორნის დამატებას, ფაქტობრივად მზად ვართ. რესტორანი მალე ჩაეშვება და სრული დატვირთვით იმუშავებს.
ზამთარი აქტიური მოთხოვნით არ გამოირჩევა, თუმცა ვცდილობთ არ გავჩერდეთ და მივიღოთ ყველა ვიზიტორი, რომელიც ჩვენთან დასვენებას გადაწყვეტს. ზოგადად კემპინგი, როგორც ტურისტული მიმართულება საკმაოდ განვითარდა საქართველოში. გვახარებს და ასევე გვეამაყება, რომ პირველები ვართ, ვინ ეს სერვისი დანერგა რეგიონში.
როდესაც ბიზნესს ვიწყებდით, მარტო ვიყავით. ამ ეტაპზე მუნიციპალურ ერთ-ერთ სოფელში 5 მსგავსი ობიექტი დაემატა, მზარდი მოთხოვნაა, რაც მეტი განვითარებისა და ახალი იდეებისთვის დიდი მოტივაციაა“, - ამბობს მაია ვერძაძე.
ცნობისთვის, Hill Inn-ი 2020 წლის მაისში გაიხსნა და ძალიან პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში. ტურისტულ ობიექტში 15-მდე ადამიანია დასაქმებული. რესტორნის გახნის შემთხვევაში დამატებით 4 ადამიანი დასაქმდება.
უახლესი