ღვინის მაღაზია ,,8000 მოსავალი“ გლობალურ ბაზრებზე გადის. პირველი ბერლინია, სადაც კომპანია ქვეყნის გარეთ პირველ მაღაზიას გახსნის.
როგორც ,,8000 მოსავლის“ მეღვინეობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი ჯაფარიძე Business Insider Gerorgia - თან ამბობს, გერმანიაში ქართული ღვინის მაღაზიის კონცეფცია იგივე იქნება, როგორიც საქართველოშია. არ იცვლება მიდგომა და როგორც სამშობლოში, ასევე ქვეყნის გარეთ, ,,8000 მოსავალი“ მხოლოდ ქართულ ღვინოებს გაყიდის.
,,მთავარი ხაზი, რასაც არასდროს ვღალატობთ, ხარისხია. დიდი სიფრთხილით ირჩევა ღვინოები და ასე მოხდება ბერლინის შემთხვევაში, სადაც საქართველოდან შერჩეული პროდუქტი გაიყიდება. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმს, ყოველთვე ვიწვევთ დამოუკიდებელ კომისიას - პროფესიონალ მეღვინე-დეგუსტატორებს და ვახდენთ ფარულ დეგუსტაციას. კომისიის წევრებმა არ იციან, ვის ღვინოს სინჯავენ, რომ მიკერძოება გამოირიცხოს. ცხადია, თუ ღვინოს არ ექნება სოკოვანი ან სხვა სახის დაავადება და მოთხოვნილ სტანდარტს სრულად დააკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში ხდება მისი დაშვება დახლებზე.
ჩვენთან ყველა ღვინო ქართულია, ასეთი მიდგომა შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, რომ კარგი ღვინო ქართველ და უკვე უცხოელ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარული გახადონ“, - აცხადებს ქეთი ჯაფარიძე.
,,8000 მოსავლის“ მაღაზია ბერლინში 14 ივლისს გაიხსნება. კომპანია ექსპორტზე გაფართოებას გეგმავს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. რაც შეეხება კონკრეტულად გერმანიასთან დაკავშირებულ პროექტს, 200-ზე მეტი დასახელების ღვინო შევა ბერლინის მაღაზიაში და ეს ეს მაჩვენებელი 500-მდე გაიზრდება. ბერლინში ,,8000 მოსავალი“ 15-მდე ადამიანს დაასაქმებს. საქართველოში ,,8000 მოსავალი“ 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი, აქედან 4 თბილისში, 1 - ბათუმშია. ცნობისთვის, სახელწოდება ,,8000 მოსავალი“ ხაზს უსვამს ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროის მანძილზე, ყურძნის 8000 მოსავალი მოვიდა და შესაბამისად შეირჩა სახელიც - საქართველოს უცხოელი მეღვინეებიც “8000 წლიანი ყურძნის მოსავლის ქვეყნად” მოიხსენიებენ.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა