ქართული სტარტაპი STORI AI, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი აქსელერაციის პროგრამის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეა, Product Hunt-ის პრესტიჟულ ჯილდოზე, Golden Kitty Awards 2023-ზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი.
Golden Kitty Awards გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმის, Product Hunt-ის ყოველწლიური ინიციატივაა და მასში მონაწილეობას კომპანიები მთელი მსოფლიოდან იღებენ. წლის პროდუქტის გამოვლენა პლატფორმაზე რეგისტრაციითა და ხმის მიცემითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Product Hunt-ზე ისეთმა კომპანიებმა წარადგინეს პირველად საკუთარი პროდუქტი, როგორებიცაა ChatGPT, Canva, Notion, TikTok და სხვები.
საუკეთესო პროდუქტის გამოსავლენად ხმის მიცემა Product Hunt-ის ვებგვერდზე 21 იანვრამდე გრძელდება. STORI AI ამჟამად AI Product of the Year და Marketing and Sales-ის ნომინაციების ფინალისტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტარტაპმა Product Hunt-ზე დღისა და კვირის პროდუქტის ჯილდოც მიიღო.
STORI AI 2022 წელს შეიქმნა. იგი ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კრეატიული მარკეტინგული კონტენტის შექმნაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე წამში ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გენერირება, გამოქვეყნება და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა. პროდუქტის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გუნდში სხვადასხვა კომპეტენციის დანაკლისი შეავსონ, რის გამოც სტარტაპს უკვე აქტიურად იყენებენ კომპანიები ამერიკაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. გუნდი 14 ადამიანისგან შედგება, პროდუქტი კი 10 ენაზეა ხელმისაწვდომი.
„Product Hunt-ის Golden Kitty Awards-ის ფინალისტობა ძალიან სასიამოვნოა. უნდა აღინიშნოს, რომ AI Product of the Year-ის კატეგორიაში ჩვენთან ერთად წარდგენილია Google-ის Bard, Stability AI და სხვა დიდი პროდუქტები, ამიტომაც ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ Product Hunt-მა ჩვენც აგვირჩია. როგორც წესი, ამ დაჯილდოებაში გამარჯვებას ძალიან ბევრი მომხმარებლის რეგისტრაცია მოჰყვება ხოლმე, სტარტაპით ინტერესდებიან აქსელერაციის პროგრამები, ინვესტორები, უცხოური გამოცემები, შესაბამისად, როცა მათ წინაშე უკვე შეცვლილი სტატუს კვოთი წარდგები და ოსკარის მსგავსი ჯილდო გაქვს მიღებული, უამრავი ისეთი შესაძლებლობისკენ გეხსნება გზა, რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სტარტაპი სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევდა“, - აღნიშნავს სანდრო ოქროპირიძე, STORI AI-ის დამფუძნებელი.
სანდრო ოქროპირიძის თქმით, ახლა STORI AI-ში ახალი ფუნქციონალების დამატებაზე მუშაობენ, მთავარი გეგმა კი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და სწრაფი განვითარების ტემპების შენარჩუნებაა, რაშიც დახმარება 500 Georgia-მაც გაუწია.
„500 Georgia ძალიან დაგვეხმარა, სწორად გვეწარმოებინა მომხმარებლების ანალიტიკა, სწორად ჩამოგვეყალიბებინა პროდუქტიც, რადგან მანამდე ეს პროცესი მეტწილად ვარაუდებზე გვქონდა აგებული. ვისწავლეთ, როგორ უნდა ველაპარაკოთ ინვესტორებს, როგორ მიმდინარეობს ფანდრაიზინგის პროცესი. როცა სტარტაპს ქმნი, გაუკვალავ ბილიკზე მიდიხარ და არ იცი, როგორ მოიქცე ამ გზაზე, 500 Georgia-ს ყველაზე კარგი მხარე კი ისაა, რომ ყოველთვის გყავს ადამიანი, რომელსაც გუნდის წევრივით შეგიძლია მიმართო, ანახო პროდუქტი, მიიღო უკუკავშირი და შენს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა. სწავლობ საერთაშორისო სამუშაო ეთიკასაც“, - ამბობს სანდრო ოქროპირიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეექვსედ ხორციელდება. 12-კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. 500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გახდა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრი.
500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
უახლესი
1 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს2 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“