ივნისში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით შემცირდა და 12.7% შეადგინა. როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაში წერია, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით, 14.4%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 9.0%-მდე გაიზარდა.
ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პპ-ით შემცირდა. სესხების ზრდის ტემპის შემცირება ძირითადად უცხოური ვალუტით დაკრედიტების შენელებამ განაპირობა. კერძოდ, ივნისში, უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 13.6%-ით გაიზარდა (წინა თვესთან შედარებით 2.8 პპ-ით ნაკლები) და მთლიანი სესხების ზრდაში 6.2 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპის შემცირება ბიზნეს-სესხებს უკავშირდება. ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 10.4 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი კი 21.2%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 11.6 პპ-იანი წვლილი შეადგინა.
„ივნისში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 11.8%-ზე შენარჩუნდა. ასევე, უცვლელი დარჩა იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთიც, რომელმაც 11.5% შეადგინა. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით, 9.5%- მდე გაიზარდა. ასევე, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთიც 0.3 პპ-ით, 7.4%- მდე გაიზარდა. ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.6 პპ-ით, 45.2%-მდე შემცირდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით, 64.6%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.5 პპ-ით, 27.8%-მდე შემცირდა. ივნისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 117.0 მლნ ლარით გაიზარდა და 628.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 41.6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული“, - აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაში.
უახლესი