ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. თბილისის შემდეგ ბათუმი იქნება საქართველოში მეორე მიმართულება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
,,Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
გალფის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. ქუვეითიდან საქართველოს 2023 წელს 77,392 მგზავრი ეწვია. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კი ჯამში საქართველოში გასულ წელს 1,094,695 მგზავრი ჩამოვიდა.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა