ჩვენი ამოცანა არის, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები უფრო მეტად იყოს გადათარგმნილი და დანერგილი ტრადიციულ ეკონომიკურ დარგებში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ქუთაისის პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს.
ცნობილია, რომ ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
„ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. მათ შორის ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო დაახლოებით 10 წელია ძალიან დიდი ყურადღებით და დიდი პრიორიტეტით ეკიდება. ამაში შედის იმ ეკოსისტემის განვითარება, რომელიც ჩვენ შევქმენით - პატარა, მაგრამ მზარდი და სრულყოფილი. ამ სრულყოფილებაში ვგულისხმობ ყველა იმ კომპონენტის ერთობლიობას, რომელიც ახასიათებს სტარტაპ ეკოსისტემებს. ეს არის, როგორც მრავალფეროვანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტები, ასევე ვენჩორული კაპიტალი და ანგელოზი ინვესტორების მიმართულება. ეს არის ტექნოპარკების ქსელი, რომელიც სახელმწიფომ შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ასევე მთელი რიგი პროგრამები, აქსელერაციის, ინკუბაციის და რაც მთავარია ეს არის ის წარმატებული სტარტაპები, რომლებიც დღეს ჩვენს ეკოსისტემებს წარმოადგენენ.
ქუთაისის პროექტი არის ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ გარდა იმისა, რომ ნულიდან შევქმენით სტარტაპ ეკოსისტემა, დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები უფრო მეტად იყოს გადათარგმნილი და დანერგილი ტრადიციულ ეკონომიკურ დარგებში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში. სწორედ ეს იყო იმ პრიორიტეტების ფუნდამენტი, როდესაც წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე პრიორიტეტული, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიმართულება, ეს არის აგროტეკი, ფაგები, ხელოვნური ინტელექტი - სწორედ ამას ემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომელიც თავისთავში მოიცავს ძალიან საინტერესო კომპლექსს და სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობას. ის იქნება უნიკალური, რადგანაც რეგიონში ასეთი მიქსი ჩვენ არ გვხვდება. საუბარია საქართველოსა და რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოპარკზე, საუბარია საერთაშორისო IT სკოლაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებზე იქნება ორიენტირებული. საუბარია ასევე მთელ რიგ ტექნოლოგიურ ლაბორატორიებზე, რობოტიკის, ელექტრონიკის სხვადასხვა მიმართულებებზე ასევე საუბარია უმძლავრეს ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით ცენტრზე, სადაც ქართულ ხელოვნურ ინტელექტზე დაიწყება მუშაობა.
პირველ სართულზე განთავსდება რეგიონში უნიკალური სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი, სადაც რამდენიმე ათეული ექსპონატი იქნება წარმოდგენილი - ინტერაქციული: ქიმიის, ფიზიკის და სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მიმართულებით, სადაც როგორც ბავშვებს ასევე მოზარდებს, ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ძალიან სახალისოდ გაეცნონ სამეცნიერო მიმართულებებს. ამაშია მისი უნიკალურობა, რომ ყველა ტიპის დამთვალიერებელი ან საქმიანი ვიზიტორი ეყოლება ამ ცენტრს, დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული სკოლის მოსწავლეებით, გაგრძელებული სწავლებით, მუზეუმით და ტექნოლოგიური ლაბორატორიებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება