დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰორეკა სექტორში გაძვირების ტენდენცია შეიცვალა, მომსახურების ფასები მცირდება - რესტორატორთა ასოციაცია

ჰორეკა სექტორში გაძვირების ტენდენცია შეიცვალა, მომსახურების ფასები მცირდება - რესტორატორთა ასოციაცია

03-07-2023 19:00:08

ჰორეკა სექტორი მომსახურების სფეროში პირველია, სადაც ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. თუმცა წელს ტრენდი შეიცვალა და ტენდენცია მკვეთრად გამოხატულია, რაზეც Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„ფასების ზრდა სრულად სფეროზე არ შეიძლება აისახოს. რეალურად ზაფხულის პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია კლება, რადგან მცირდება ინფლაცია, ადგილობრივი ნაწარმი ხელმისაწვდომია და ფასების კლების შესაძლებლობას ქმნის.

დღეს გამოკვეთილი სურათი არ გვაქვს, რომ მომსახურების გაძვირების პროცესთან გვქონდეს საქმე, ვერ დავადასტურებ. პირიქით, ფასები იკლებს და ეს განსაკუთრებით სარესტორნო მიმართულებაზე აისახება. როგორც ვახსენე, დიდ როლს ასრულებს ინფლაცია, რაც გვაფიქრებს, რომ ფასები დაახლოებით 15-20%ის ფარგლებში შემცირდება და სერვისი გაიაფდება, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება გაძვირდა. სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ხარჯი 10.2%-ით გაიზარდა, რაც წილობრივად ინფლაციაში 0,37%-ია.

„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები