ჰორეკა სექტორი ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურ სამზადისშია. რაც დარგის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწუხებთ, ევროპელი მომხმარებლის სიმცირეა.
ამ პრობლემას ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარებაც ემატება, რაზეც Business Insider Georgia - თან რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი, ცნობილი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე საუბრობს.
„ახალი ტურისტული სეზონის საწყისი ეტაპისთვის ნორმალური ვითარებაა. თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენი რესტორანი, თავისი სახელისა და პრესტიჟიდან გამომდინარე, მომხმარებლის სიმცირეს არ უჩივის, ამ მხრივ სტაბილურობაა.
თუმცა რეალურად რომ შეფასდეს სიტუაცია, სექტორულ ჭრილში, გარკვეული პრობლემა ნამდვილად იკვეთება. სეგმენტი იმასთან შედარებით, რაც იყო 2017- 2018-2019 წლებში, შეცვლილია, შესაბამისად, მოთხოვნაც შემცირებულია.
დასანანია, რომ ევროპელი მომხმარებელი არ გვყავს და ეს აშკარად იგრძნობა. საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის განიხილება, როგორც ომის რეგიონი და ეს ფაქტორი ძალიან გვიშლის ხელს ევროპული ნაკადების მოზიდვაში", - ამბობს მერიკო გუბელაძე.
რაც შეეხება კადრებთან დაკავშირებულ საკითხს, გუბელაძის თქმით, სფეროში დასაქმების მსურველთა სიმწირე შეიმჩნევა, რაც მოსახლეობის უცხოეთში გადინებამ და მიგრაციამ გამოიწვია.
„კარგ კადრს მუდმივად ვეძებთ და გვიჭირს პოვნა. საქართველოში სადმე თუ პროფესიონალი გვყავდა, ყველა ემიგრაციაშია. სამწუხაროდ, ეს არის სწორედ იმ ასაკის მოსახლეობა, რომელსაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი და პერსპექტივა აქვს. თუკი ვინმეს უნდოდა ხელის განძრევა და მუშაობა, ხელს უწყობდა კომპეტენციაც, უმეტესობა წავიდა", - ამბობს მერიკო გუბელაძე.
ცნობილი რესტორანი „შავი ლომი“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. „შავი ლომის" გარდა, მერიკო გუბელაძე ასევე განსხვავებული კონცეფციის კიდევ სამ რესტორანს ფლობს: „ნინიას ბაღი“, კაფე „ლეილა“ და ,,ლისი ლაუნჯი". ოთხივე რესტორანში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი