დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიიდან და კორეიდან შეკვეთები მივიღეთ, გვაქვს მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიებთან -  „ლიმოს“ დამფუძნებელი

გერმანიიდან და კორეიდან შეკვეთები მივიღეთ, გვაქვს მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიებთან - „ლიმოს“ დამფუძნებელი

29-01-2024 12:00:00

საექსპორტო ბაზარი გავაფართოვეთ და გაყიდვები 35%-ით გაიზარდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ განუცხადა, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით საბავშვო სამოსს აწარმოებს.

„2023 წელს პირველად შევედით აზიურ ბაზარზე და „ლიმოს“ პროდუქცია გაიყიდა კორეაში. დავნერგეთ ISO9001 სტანდარტი, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო დავაინტერესეთ ევროპელი პარტნიორები“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

ახლახან სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელი იტალიაში ტანსაცმლის მასშტაბურ გამოფენაზე იმყოფებოდა. ნინო გიორგაძე Business Insider Georgia-სთან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო 2024 წელი, საერთაშორისო გამოფენა ‘Pitti Immagine Bimbo’-ში მონაწილეობით, რომელიც წელიწადში ორჯერ იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში იმართება. წარვადგინეთ „ლიმოს“ ბრენდით ზამთრის კოლექცია და სადღესასწაულო კაბები, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მივიღეთ შეკვეთები გერმანიიდან და კორეიდან, გვაქვს მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიებთან.

გავხსენით მეორე საწარმო თბილისში, წელს ქართველი მომხმარებლებისათვის იქნება 2 ფიზიკური სივრცე, სადაც შეეძლებათ შეიძინონ ჩვენი პროდუქცია.

ვემზადებით ზაფხულისა და სასკოლო კოლექციისათვის, რომელზეც მუშაობს დიზაინერი და ქმნის ექსკლუზიურ ნამუშევრებს“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას.

აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები