დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანია მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ფინანსური მართვის სისტემის გაუმჯობესებას

გერმანია მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ფინანსური მართვის სისტემის გაუმჯობესებას

11-07-2023 17:52:44

11 ივლისს სასტუმრო „რუმსში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტის კონცეფციას და მიზანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტთან (ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური, ხარაგაული) მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ადგილობრივი და ეროვნული ჩარჩოს დახვეწას. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„უკვე წლებია გერმანია არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მხარდამჭერი ადგილობრივ დონეზე კარგი ფინანსური მმართველობის რეფორმების განხორციელების პროცესში. ქართულ-გერმანული განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელებულა, მათ შორისაა მუნიციპალიტეტების ფინანსური წახალისების სამოტივაციო სისტემის დანერგვა და ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის დღგ-ს განაწილების ფორმულა, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსების გადაცემას ისახავს მიზნად. კარგი ფინანსური მმართველობის პროექტის ფარგლებში იგეგმება, როგორც მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, ასევე, ახალი ინიციატივების განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადგილობრივი ფინანსების შედეგზე ორიენტირებულ, ანგარიშვალდებულ და მონაწილეობით ხარჯვას. - განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, მათ შორის, მსოფლიო დონეზეც. აღსანიშნავია ქვეყნის წარმატება ბიუჯეტის ღია ინდექსის ფარგლებში, სადაც საქართველო გახდა რიგით პირველი ქვეყანა 120 ქვეყანას შორის საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის კუთხით. თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები, მათ შორის, ადგილობრივი ფინანსების მართვის მიმართულებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და GIZ-ის მიერ განხორციელებული კარგი ფინანსური მმართველობის პროექტი საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებსა და განვითარების სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კარგი ფინანსური მმართველობის რეფორმირების პროცესში“ - განაცხადა გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისთმანმა.


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში 1992 წლიდან  წარმატებით მუშაობს.  2023 წლის აპრილიდან GIZ-მა რეგიონალური მასშტაბით ახალი სამწლიანი პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და 8 მუნიციპალიტეტთან (ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური, ხარაგაული) სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ და მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესებს ადგილობრივ დონეზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები