სამთავრობო პროგრამის „მდგრადი განვითარების“ მიზნების თანახმად, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის (ჰიდრო, გეოთერმული და მზის, ბიოსაწვავი და ნარჩენები) წილი, 2023 წლისთვის დაახლოებით 30%-ს დაიკავებს. 2015 წლის მაჩვენებლებით კი სხვადასხვა ენერგიებს შორის განახლებადი ენერგიის წილი დაახლოებით 26.76 %-ს შეადგენდა.
Business Insider Georgia დაინტერესდა მოსწრებადია თუ არა სამიზნე 30%--ი და ზოგადად რა ვითარებაა დღეს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში.
როგორც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, მისი „ოპტიმისტური გათვლებით მოსწრებადია, თუ მოვინდომებთ“.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ წლიდან წლამდე მოხმარებაც იზრდება. 2015 წელთან შედარებით მოხმარება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყოველწლიურად მოხმარების ზრდა იყო 5%-იანი, თუმცა ბოლო 2 წელია უკვე 10%-იანი ზრდა გვაქვს.
ერთის მხრივ მოხმარება კი სწრაფად იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ გენერაციის ობიექტები ვერ ეწევა. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი 2010 წლიდან და სადაც ვნახეთ, რომ 1400 მგვტ-ით გაიზარდა მოხმარება, მაგრამ სულ რაღაც 700 მგვტ-მდე შეიქმნა გენერაციის ობიექტები. ანუ კიდევ 700 მგვტ-ით გაიზარდა ე.წ. გეფი მოხმარებასა და გენერაციას შორის, რაც უკვე მანამდე იყო.
თუ კი მალე არ მოხდება ჩანაცვლება გენერაციის ახალი ობიექტების, მინიმუმ იმპორტის ხარჯზე მოგვიწევს ამ მოხმარების შევსება.
მეორეს მხრივ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ალბათ ჰიდროში ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 20%-ი გვაქვს ათვისებული და 80%-ი კიდე ასათვისებელია. მზეში საეროდ არ გაქვს დიდი სადგური და ქარისაც მხოლოდ ერთი სადგური გაქვს. შესაბამისად გვაქვს დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ავითვისოთ განახლებადი ენერგიების წყაროები“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
მისივე თქმით, განახლებად ენერგიებზე მოთხოვნა მსოფლიოში მზარდია და ასევე იქნება საქართველოშიც.
„მე ვფიქრობ, რომ იმ პოტენციალით რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ყველაფერი მოსწრებადია. თუ კი რაიმეში ვართ „წილხვედრი“ ეს ამ ნაწილშია, რადგანაც ამდენი განახლებადი რესურსი გვაქვს და ამის არ გამოყენება ღალატის ტოლფასია. ამას ემატება ის, რომ ევროპას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს განახლებად ენერგიაზე.
2023 წლის ოქტომბერში შემოდის ახალი კანონი ევროკავშირში, სადაც ნებისმიერი ნივთის წარმოება თუ არ არის განახლებადი ენერგიებით წარმოებული და ე,წ. ნახშირბადული კვალი მოსდევს დამატებითი გადასახადი ემატება. შესაბამისად ევროპაში ისედაც მაღალი იყო მოთხოვნა განახლებად ენერგიებზე და ამიერიდან კიდევ უფრო გაიზრდება და ეს შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მთავარ საექსპორტო პოტენციალად იქცეს“,- აცხადებს აბრამიშვილი.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა