დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განმუხურში სასტუმროს მშენებლობა ტურიზმის სექტორს წაახალისებს - „ლაზიკა რეზიდენსი“

განმუხურში სასტუმროს მშენებლობა ტურიზმის სექტორს წაახალისებს - „ლაზიკა რეზიდენსი“

24-07-2023 20:00:28

„ლაზიკა რეზიდენსის" მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობამ წარმატებული სტარტი აიღო. როგორც შპს „განმუხურის სასტუმროს“ დირექტორი თემურ ჩიქოვანი Business Insider Georgia - თან ამბობს, გაყიდვების შესახებ 2 კვირის წინა გამოაცხადეს და ამ დროისთვის 40-მდე ბინა გაიყიდა.

მყიდველებს შორის თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის თბილისელები და ემიგრანტები, რომლებმაც კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციით პირველებმა ისარგებლეს.

„2 კვირაში 40-მდე გაყიდული ბინა ძალიან კარგი მაჩვენებელია. 1 კვადრატული მეტრის ფასი 1250 დოლარია. ამ ფასში მომხმარებლებს კეთილმოწყობილი, ყველა აუცილებელი ინვენტარით და ტექნიკით აღჭურვილი ბინები ჩაბარდება. სააქციო ფასს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ, ხოლო მომავალი თვიდან დაახლოებით 200 დოლარით მოგვიწევს გაძვირება.

ვფიქრობ, რომ ძალიან ხელმისაწვდომი ფასებია, რომელიც მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და გადახდის მათთვის მისაღებ მოდელს ვთავაზობთ", - ამბობს თემურ ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, ,,ლაზიკა რეზიდენსი" დიდ გარდატეხას შეიტანს განმუხურსა და მთლიანად რეგიონში ტურიზმის განვითარების მხრივ, როგორც უმაღლესი დონის უნივერსალური კომპლექსი.

„პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს. სრულიად განსხვავებული, უნივერსალური და მრავალფუნქციური კომპლექსია მზიანი განმუხურის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე. პროექტი მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონის განვითარებისათვის. ტურიზმის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ. იქიდან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით სერიოზული პრობლემაა განმუხურში, დარწმუნებული ვართ, რომ ,,ლაზიკა რეზიდენსი" ამ მიმართულებაშიც დიდ გარღვევას მოახდენს", - აცხადებს თემურ ჩიქოვანი.

„ლაზიკა რეზიდენსს“ კომპანია „განმუხურის სასტუმროს“ აშენებს. კომპლექსში იქნება ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა-ფიტნეს ცენტრი, რესტორანი ლაუნჯი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საბავშვო მოედნები, საკონფერენციო დარბაზი და პარკინგი.

კომპლექსი 8-სართულიანია, სადაც 300 ნომერი განთავსდება. კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით, 20 მლნ ლარს შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები