საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მზარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმჯობესდება უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი.
2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდს შეადგენდა, რასაც უცხოური ვალუტის შემოდინებების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი. ამასთან, რეზერვების დონეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგალითისთვის, ეროვნული ბანკი ვალუტას ყიდულობს მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინებაა, ხოლო ვალუტას ყიდის როცა ლარზე ერთჯერადი ზეწოლა ფიქსირდება, ან როცა ქვეყანა საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - მაგალითად, 2020 წლის კოვიდ პანდემიის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა $916 მილიონი გაყიდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სებ-მა $1.3 მილიარდით გაზარდა რეზერვები (იყიდა $1.5 მილიარდი და გაყიდა $167 მილიონი). 2022 წელს კი, სავალუტო ბაზარზე სებ-მა $565 მილიონი შეისყიდა.
ზოგადად, ქვეყანას სავალუტო რეზერვები სჭირდება მოკლე და გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურებისთვის და ვალუტის მაღალი რყევების პერიოდში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციისთვის. შესაბამისად, როცა ქვეყანას ადეკვატური რეზერვების დონე აქვს, ეს ზრდის ნდობას ქვეყნის შესაძლებლობებში შეასრულოს თავისი საგარეო ვალდებულებები და გაუმკლავდეს საგარეო შოკს ან კაპიტალის მოულოდნელ გადინებას. სწორედ ამიტომაც, რეზერვების დონეს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები (Fitch, S&P, Moody’s) და უცხოელი ინვესტორები.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება