დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიცანით „ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე

გაიცანით „ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე

21-06-2024 18:22:00

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

პროექტი, 300-მდე მეწარმისთვის როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში  მონაწილეობა  მიიღეს მეწარმეებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან,  რომლებიც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვით არიან დაინტერესებულები.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ნინო სანიკიძე, ქალი მეწარმე, რომელმაც 2020 წელს ლავანდების საკუთარი ბაღი გააშენა, საგურამოსთან ახლოს, ეკო ზონაში.

„ტოტოს ლავანდების შექმნის ინსპირაცია მოდის საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, სადაც მრავლად არის გაშენებული ლავანდის ბაღები. 2020 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ ბრიტანული ჯიშის ლავანდის ნერგები, რომლის გაშენებაც  საგურამოსთან ახლოს ეკო-ზონაში დავიწყეთ“ - ამბობს ნინო

თავდაპირველად, მსგავსი ბიზნესის წამოწყება ერთგვარი ექპერიმენტი იყო და ამიტომ, ნინომ სატესტოდ ერთი ზოლი გააშენა, თუმცა მალევე გაფართოვების საჭიროება დადგა.

თავდაპირველად გამოწერილი ნერგები სატესტოდ ერთ ზოლად გავაშენე საკუთარ ტერიტორიაზე, საგურამოს სოფელ არაშენდაში.  შემდეგ კი, მე თავად ვისწავლე და გავამრავლე. დღეს უკვე 2,000 კვ.მ - ზე გვაქვს ლავანდის ბაღები გაშენებული. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - ამბობს მეწარმე.

ლავანდების გაშენებასთან ერთად, ნინო მისი გამოყენების სხვადასხვა მიმართულებამ დააინტერესა.

„ბაღების გაშენების პარალელურად დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, გავიარე ეთერზეთების წარმოების კურსი, გამოვიწერე ეთერზეთების სახდელი აპარატი და დავიწყე საკუთარი პროდუქციის გამოშვება. ამ ეტაპზე „ტოტოს ლავანდების“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება და ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარებსა და სახლის დეკორატიულ ნივთებს, არომა პროდუქტებს, სხეულის მოვლის საშუალებებს, ეთერზეთებს, აბაზანის მარილს, მასაჟის ზეთს, სხეულის სკრაბსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ველნეს და სპა მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაწარმოებთ კულინარიულ ლავანდას, რომელსაც საკონდიტრო მიმართულებით იყენებენ და ლავანდის ჩაის, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“ - აღნიშნავს ნინო.

ამ დრომდე პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, პარტნიორობენ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. „ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები წარმოადგენენ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან თბილისში. აგრეთვე გვაქვს პატარა მაღაზია საგურამოში, სადაც ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევთ,  ლავანდის ბაღები დაათვალიერონ, შემდეგ კი სუვენირები შეიძინონ. წლიდან - წლამდე ჩვენი სტარტაპის განვითარებამ, ახალი პროდუქტების დამატებამ და მომხმარებლების გაზრდამ გააჩინა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. მოგეხსენებათ ონლაინ გაყიდვები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“. მისი მეშვეობით „ტოტოს ლავანდების“ შეძენა უკვე ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც იცით, ვებგვერდის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე მეწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. საკუთარი ვებ-გვერდი ბიზნესისთვის დიდ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული,  გარდა იმისა, რომ გაცილებით ვუმარტივებთ და მეტ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ასევე ჩვენ, როგორც ბიზნესს, ჩვენი მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც სხვადასხვა მარკეტინული აქციების, კამპანიების დაგეგმვისა თუ მომხმარებლების ლოიალობის გასაზრდელად, საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს“ - ამბობს ის.

ნინო გაჩერებას არ აპირებს და  უკვე არაერთი გეგმა აქვს „სამომავლოდ, ველის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ, ზაფხულში ვაპირებთ სეზონური კაფის გახსნას, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ახლახანს,  საქართველოს ბანკისა და გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც ახალ ტექნიკას შევიძენთ, რაც ადგილზე კაფის გამართვის საშუალებას მოგვცემს.  გარდა ამისა, სამომავლოდ, აქტიურად ვგეგმავთ საერთაშორისო კონგრესებსა თუ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას“, - გვიზიარებს ნინო

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები