ვფიქრობ, რომ კონკურენციის ხარისხი და დონე რითეილერებს შორის არის ძალიან მაღალი და მძაფრი, რაც მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანია მომხმარებლისთვის, - ამის შესახებ რითეილერთა ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა, რომელმაც Business Insider Georgia-სთან ბოლო დროს FMCG ბაზარზე განხორციელებული გამსხვილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც შპს „დეილი“ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხდება, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში შპს „დეილის“ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ს ყიდულობს.
„ეს არის ბიზნესების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაც თანამშრომლობა გადაწყვიტეს. რაც შეეხება კონცენტრაციის თემას, კონკურენციის სააგენტომაც გააკეთა დასკვნა, რომ დომინანტურ პოზიციას არც ერთი მხარე არ იძენს. ჩვენ რომ პრაქტიკულად შევხედოთ, საერთო FMCG ბაზრის მოცულობა არის 20 მლრდ ლარი და ეს გაერთიანება ამ საერთო FMCG ბაზრის 15%-ს აღწევს, რაც დომინანტურ პოზიციას არ ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ კონკურენციის ხარისხი და დონე რითეილერებს შორის არის ძალიან მაღალი და მძაფრი და ეს მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანია მომხმარებლისთვის. რადგანაც ბაზარზე მაღალი კონკურენცია მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია. უკვე ბაზარზე ბევრი ძლიერი ოპერატორია და მათ შორის არის ძალიან მაღალი კონკურენცია. ამ გაერთიანებამ ისიც გამოაჩინა, რომ რითეილერებს შორის და რითეილში ძალიან აქტიური კონკურენციაა“, - განმარტავს გიორგი ხაბაშვილი.
რითეილერთა ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ზოგადად FMCG სექტორი ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო მიმართულება გახდა.
„ქვეყანაში რითეილ ბაზარი აქტიურად ვითარდება და მაღალი კონკურენცია ხელს უწყობს ამ ბაზრის კიდევ უფრო განვითარებას. როდესაც ბაზარი ვითარდება ის ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი ხდება“, - განმარტავს რითეილერთა ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში - შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.
შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ. ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.
„არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
რაც შეეხება შპს „დეილისა“ და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი) საქმეს - კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები წარმოდგენილნი არიან როგორც წარმოების, ასევე საბითუმო დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის დონეზე. შესაბამისად, სააგენტომ ბაზარზე კონცენტრაციის დონე შეისწავლა სამივე მიმართულებით.
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქციის სეგმენტაციიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილდა ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი(HHI) - 2 590-ს. სააგენტოს პოზიციით, ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს და იგი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მდგომარეობით არ არის განპირობებული.
რაც შეეხება ლუდის ბაზარს, ამავე წელს, ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1888 (ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 6 264 342 157 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა (HHI) 518.02 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს, GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 11 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ამ დროისათვის, 3 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
უახლესი
48 წუთის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა