დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო -„ჟუჟუნა“

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო -„ჟუჟუნა“

02-02-2024 16:09:00

ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მათე აბესაძე Business Insider Georgia-სთან მისი კომპანიისთვის 2023 წლის მთავარ გამოწვევას ასახელებს.

მეწარმის თქმით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მისი კომპანიის შემთხვევაში გასულ წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

„რეალურად 2023 წელს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომ წარმოება დასწეოდა მოთხოვნას, რადგან ასეთი მზარდი მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე არ დაფიქსირებულა კომპანიის არსებობის განმავლობაში.

თუმცა, საკმაოდ გაგვიჭირდა ფინანსების მოძიება ფინანსური ინსტიტუტებიდან, რადგან ისინი კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს რამდენიმე წლის ჭრილში განიხილავდნენ და ამ კოვიდპანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკმაოდ რთული იყო მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება“, - ამბობს მათე აბესაძე.

მისი თქმით, საკითხი შიდა ინვესტიციებითა და  და ნაწილობრივ საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით გადაწყვიტეს.

„თუმცა უკეთესი ფინანსური დახმარება რომ მიგვეღო უფრო ადრე დავაკმაყოფილებდით ბაზარზე „ჟუჟუნას“ პროდუქციაზე გაჩენილ მოთხოვნას“, - ამბობს მეწარმე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ბიზნესკლიმატის ინდექსის გამოთვლის ფარგლებში გამოკითხულმა კომპანიებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაასახელეს.

PMC კვლევითმა ცენტრმა გამოჰკითხა BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერები.

მსხვილი კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მდგომარეობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, თუმცა, მათი ბიზნესისთვის მაინც სირთულეს ქმნის.

2023 წლის IV კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 19% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 5%-ით.

2023 წლის IV კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (7%-ით).

რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, 2023 წლის IV კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან.

ამასთან, იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2023 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1%-ით შემცირდა.

კვლევის თანახმად, დაფინანსების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამ კატეგორიის ბიზნესმა საწყისი კაპიტალის მოძიება სახელმწიფო პროგრამების დახმარებით თუ შეძლო, შემდეგ მას გაფართოებისთვის საბრუნავი კაპიტალის მოძიება უჭირს.

აღნიშნულ ეტაპზე მათთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერს საბანკო სესხების მაღალი განაკვეთი და საკრედიტო ინსტიტუტების მკაცრი მოთხოვნები ქმნის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები