2023 წლის აგვისტოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლები შექმნა მერძევე და ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისთვის ქვეშეთიდან და არახვეთიდან. ადგილობრივი ფერმერების მედეგობის მხარდაჭერის მიზნით, FAO-ს ტრენინგები შექმნილია მცირე სასოფლო სამეურნეო წარმოების გასაუმჯობესებლად. პროექტი დაფინანსებულია ADB-ის ტექნიკური დახმარების “ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის” ფარგლებში.
ფერმერული საველე სკოლების პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების წარმოებისა და მეცხოველეობის შესახებ. აღნიშნულ საგანმანათლებლო ფორმატში ფერმერებს შორის თანამშრომლობა და ადამიანური კავშირების გაძლიერებაა წახალისებული, რაც ადგილობრივი ფერმერული თემების მედეგობისთვის არის მნიშვნელოვანი. ამასთანავე, FAO-ს მხარდაჭერით, ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეიმუშაონ მათი სასოფლო სამეურნეო გამოწვევების გადაჭრის გზები.
სასწავლო განრიგი მეცხოველეობის მიმართულებით რძის წარმოების ყველა საფეხურს მოიცავს – წველის ჰიგიენას, ცხოველის ჯანმრთელობას, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასა და სურსათის უვნებლობას. მერძევე ფერმერები, რომელთა უმეტესობასაც ქალები წარმოადგენენ, შეისწავლიან მათი სასოფლო სამეურნეო აქტივობების შესაბამის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. ისინი პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ ცხოველის მოვლაზე, რძისა და რძის პროდუქტის წარმოებასა და დაავადებათა მონიტორინგსა თუ პრევენციაზე.
ფერმერული საველე სკოლების აგრონომიული ტრენინგები ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნასაც გულისხმობს. საგანმანათლებლო კომპონენტები ამ მიმართულებით ისეთ თანამედროვე და მდგრად სასოფლო სამეურნეო მეთოდებზეა ფოკუსირებული, როგორებიცაა მავნებლის ინტეგრირებული მართვა და სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკები. ტრენინგებზე, ფერმერები ნიადაგის მართვის, კომპოსტირებისა და პესტიციდების მოზომილად გამოყენების უნარებს ხვეწენ. ამგვარად, აგრონომიული საგანმანათლებლო სესიები ადგილობრივ თემებს მეტი უვნებელი ბოსტნეულის მდგრადი წარმოების უზრუნველყოფაში უწყობს ხელს.
„სურსათის უვნებლობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების კუთხით, მთაში მცხოვრები ფერმერული თემების მხარდაჭერა აუცილებელია, ადგილობრივი მაცხოვრებლების უვნებელ, ჯანსაღ და მაღალი კვებითი ღირებულების საკვებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. დუშეთის მუნიციპალიტეტში FAO-ს ტრენინგები, ფერმერებს ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებაშიც გამოადგებათ, რადგანაც ამ ფორმატში შესწავლილი თანამედროვე სასოფლო სამეურნეო მეთოდების გამოყენებით, ისინი უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან საქართველოს ბაზარზე – მათ ხელთ არსებული რესურსებით, პროდუქტიულობას გაზრდიან. მიხარია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნამდვილადაა შესაძლებელი დუშეთის ადგილობრივი თემების სოციო-ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესება“, ამბობს ალან პინედა ბურგოსი, საკვების წარმოების საერთაშორისო სპეციალისტი FAO-ში.
„ADB მხარს უჭერს ქვეშეთში, არახვეთსა და ხადას ხეობის სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს თანამედროვე სასოფლო სამეურნეო მეთოდების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. ფერმერთა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით დატრენინგება და ადგილობრივი, თანამშრომლური კავშირების გაძლიერება აუცილებელია, კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, მათი კეთილდღეობისა და მედეგობის გასაუმჯობესებლად“ ამბობს ADB-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამელ ბუმადი.
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, FAO ქალ ფერმერებზე ფოკუსირებულ ფერმერთა საველე სკოლებს ქვეშეთსა და არახვეთში ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ შორის ხადას ხეობის მაცხოვრებლებისთვის. პროექტის მიზანია მათი ხელშეწყობა ბოსტნეულისა და რძის პროდუქტის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივ ფერმერთა მედეგობის გაძლიერება.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა