დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპული პატენტების ვალიდაციის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო ბიზნესის საპატენტო რუკაზე გაჩნდება – სოსო გიორგაძე

ევროპული პატენტების ვალიდაციის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო ბიზნესის საპატენტო რუკაზე გაჩნდება – სოსო გიორგაძე

15-04-2023 00:30:26

პარლამენტი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)“ რატიფიცირებაზე მუშაობს. ამ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება, განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული პატენტის ვალიდაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების პატენტით დაცვის პროცედურას გაუადვილებს.

როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე „ბიზნეს ინსაიდერთან“ აცხადებს, ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად, იგეგმება საპატენტო კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით გავა.

„ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირშია და ეხება საპატენტო დარგის განვითარებას. რას გვაძლევს ვალიდაცია? პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო ამას განიხილავს, როგორც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილს და ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვან კომპონენტს.

ინტელექტუალური საკუთრება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყველა სეგმენტში მნიშვნელოვანია.

ვალიდაცია გულისხმობს იმას, რომ ევროპული პატენტი, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, ავტომატურად ძალას იძენს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველო აღიარებს ევროპის მიერ გაცემულ პატენტს და, მეორე მხრივ, ის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი ევროპის ტერიტორიაზე დარგში ევროკავშირის მონათესავე ხდება.

ანუ, ბიზნესის წარმომადგენლებსა და გამომგონებლებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ევროპული პატენტის მოპოვების გზით იცავენ საკუთარ გამოგონებებს, საქართველოს მიმართ გაუჩნდებათ უფრო მეტი ინტერესი, რადგან გაჩნდება ალტერნატიული შესაძლებლობა, რომ მათი გამოგონება, ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც იყოს პატენტით დაცული. ეს ფინანსურადაც მომგებიანია, როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ისე, უშუალოდ, საქპატენტის შემოსავლებისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის“, – აცხადებს სოსო გიორგაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროპული პატენტების ვალიდაციის შემდეგ, საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს პროცესი ევროპულ ბიზნესსაც წაახალისებს და საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდნენ.

No description available.

„ახალი პატენტი პირდაპირ დაკავშირებულია ახალ ტექნოლოგიებთან, ახალ გამოგონებებთან, რომლებიც დღევანდელი ბიზნესის მთავარი წარმმართველი ძალაა.

შესაბამისად, როცა გამომგონებელი წარადგენს ევროპის საპატენტო განაცხადს ევროპის საპატენტო უწყებაში (EPO) და ევროპის ქვეყნებთან ერთად მიუთითებს საქართველოს, როგორც პატენტის ვალიდურობის ადგილს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი გავრცელების არეალისთვის და ბიზნესისთვის, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ბიზნეს-რუკაზე საქართველოც ჩნდება“, – აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე.

„ბუნებრივია საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს იქით, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, რადგანაც ეს ჩვენი ხელისუფლების, ასევე საზოგადოების უპირველესი საგარეო კურსია. უნდა აღინიშნოს, რომ საპატენტო თვალსაზრისით, ვალიდაციის გზით, ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე უფრო ადრე მივუერთდეთ ევროპის საპატენტო სივრცეს. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროპული პატენტების ვალიდაცია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს გიორგაძე.

მისივე განმარტებით, ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საჭირო იქნება რიგი პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.

„მათ შორისაა: პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერება, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს. წლებია ამ დარგში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა“, – ამბობს სოსო გიორგაძე.

ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2012 წლიდან მიმდინარეობდა.

2019 წლის 31 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნხენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს აღნიშნულ შეთანხმებას, რომლის მე-11 მუხლის შესაბამისად, შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს მიერ ამ შეთანხმების დანართის შესაბამისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვის შემდეგ.

„ამასთან, აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ძალაში შესვლის წესის შესაბამისად, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, კერძოდ, კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. კანონპროექტში ასახულია შეთანხმების შესაბამისი დებულებების მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე ცვლილებები იწვევს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო თანმდევი პროცედურის – რატიფიცირების განხორციელებას“, – წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან აღნიშნული შეთანხმებით, ევროპული პატენტი, განმცხადებლის მოთხოვნით, შეიძლება ვალიდირებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების პატენტით დაცვის პროცედურას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება პატენტების რაოდენობა და შესაბამისად შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციისა და მისი ძალაში შენარჩუნების საფასურის გადახდასთან.

შეთანხმების თანახმად, ვალიდირებული ევროპული პატენტით, ევროპის საპატენტო უწყების მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, პატენტმფლობელს მიენიჭება იგივე უფლებები, რაც საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად მიენიჭებოდა ეროვნული პატენტით.

ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით, გარდა EPO-ში წარდგენილ მესამე პირის საჩივართან, ცენტრალურ გაუქმებასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებული პროცედურებისა, დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს EPO-ს მიერ საქპატენტისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ექსპერტებისა და პატენტრწმუნებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საინოვაციო სფეროს განვითარების კუთხით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები