ევროპის ზოგიერთ პოპულარულ ქალაქში, 2023 წლის მეორე ნახევარში უცხოელი ტურისტების რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა.
ევროპის მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორი 2023 წელს საკმაოდ პერსპექტიულ ზრდას აჩვენებს, ნათქვამია CityDNA ბარომეტრის უახლოეს ანგარიშში, რომელიც ForwardKeys-ის ავიაბილეთის გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.
კერძოდ, ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს 2023 წლის მესამე კვარტლის უკვე დაფიქსირებული და 2023 წლის მეოთხე კვარტლის საპროგნოზო მონაცემები, ოქტომბერ-დეკემბრის ჯავშნების რაოდენობაზე დაყრდნობით.
აღნიშნული მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის ივლის-სექტემბრის რეიტინგში ლიდერი იყო საბერძნეთის დედაქალაქი ათენი, სადაც მესამე კვარტალში შესული ტურისტების რაოდენობა 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პროგნოზის მიხედვით კი ათენში ოქტომბერ-დეკემბერში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ტურიზმის 13%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში ათენს პირველ ადგილზე პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ჩაანაცვლებს, რომელმაც მესამე კვარტალში მეორე ადგილი დაიკავა - ასევე ლისაბონში მოსალოდნელია (2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ტურისტების რაოდენობის 13%-ით გაზრდა.
ესპანეთის დედაქალაქი კი TOP-3-შია - თუ მესამე კვარტალი კოვიდამდე პერიოდებთან შედარებით ნეგატიური იყო, მეოთხე კვარტალში 9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
„საერთაშორისო ფრენების მოცულობამ ევროპაში თითქმის მიაღწია პანდემიამდე დონეს მესამე კვარტალში და მატულობს მეოთხე კვარტალში - რაც ძალიან საჭირო სტიმულს აძლევს ევროპაში მოგზაურობის განახლებას“, - განმარტა ForwardKeys-ის სპიკერმა ოლივიე პონტიმ.
მისი პროგნოზით, ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა