დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის- „არსი“

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის- „არსი“

12-12-2023 15:00:46

უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წელს სტაბილურობა მაქსიმალურად შენარჩუნებულია. როგორც Business Insider Georgia-თან „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, ბაზარმა გამოწვევებს გაუძლო, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც პრობლემად რჩება.

ორთოიძის შეფასებით, ეს არის მოთხოვნა-მიწოდების შესაძლო დისბალანსი და კადრებთან დაკავშირებული პრობლემა.

„მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო სტაბილურობა და ეს ტრენდი გაგრძელდა. პანდემიური პერიოდის გამოწვევებისგან პრაქტიკულად არაფერი დარჩენილა, ბაზარი გაიზარდა. გასულ წელს სარეკორდო ზრდა გვქონდა როგორც სარეალიზაციო ფასის, ასევე თვითღირებულების ნაწილში. წელს ეს მდგომარეობა დასტაბილურდა“, - ამბობს ორთოიძე. 

მისი თქმით, დღეს უძრავი ქონების ბაზარზე ორი გამოწვევაა:

„გაზრდილია სამშენებლო ნებართვების რაოდენობა. მომავალ წელს ეს შეიძლება რისკის მატარებელი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა მოთხოვნის სტიმულირებას მოახდენს. მეორე გამოწვევაა კადრები, რაც იყო და რჩება პრობლემად. აქაც ის ფაქტორი, რომ ნებართვები გაზრდილია და მოთხოვნა იმატებს, კადრების საკითხი უფრო პრობლემური ხდება და შეიძლება გაღრმავდეს კიდეც", - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

„არსის" აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ მზარდი დინამიკა 2024 წელსაც შენარჩუნდება და ბაზარს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. ,

„მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, 2023 წელს ბაზარმა ამ კუთხით დადებითი დინამიკა აჩვენა და ეს უნდა შენარჩუნდეს. საფასო რყევები ბაზრისთვის სასურველი არ არის, როცა თვითღირებულების ასეთი მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. მთავარია, კადრებთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევა მოხერხდეს. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა გადის პროფესიული გადამზადების კურსებზე, რომ მოხდეს კადრების მომზადება, სტაჟირება და სხვა, რა მიმართულებითაც მუშაობა გასაძლიერებელია", - დასძენს ბესო ორთოიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები