საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება, - ამის შესახებ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი.
მანამდე სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნიზი 4% იყო. ამასტან, დღესვე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით 10,5%-მდე შეამცირა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება.
შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს.
სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.
მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.
უახლესი
41 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია