დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს

14-08-2023 12:55:38

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს 2020 წელს დანერგილ პრაქტიკას და ამჟამად, ფინანსურ სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ, ახალ, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.


2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის უფრო მეტი ჩართულობით წარმართა, მათ შორის, კითხვარის და შემდგომში საზედამხედველო სტრატეგიის პირველადი დოკუმენტის საკონსულტაციოდ გამოქვეყნების საშუალებით დაინტერესებული მხარეებისგან და სექტორისგან არაერთი საინტერესო მოსაზრება და რეკომენდაცია იქნა მიღებული.


საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზის, დაინტერსებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების, ნაკისრი ვალდებულებებისა და საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 5 ძირითადი საზედამხედველო პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ:

 

  • საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება;
     
  • საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;
     
  • ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;
     
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
     
  • ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.
     

სტრატეგიის ახალ დოკუმენტში მოცემულია ეროვნული ბანკის 2023-2025 წლების საზედამხედვლო სტრატეგიის პრიორიტეტები, დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების შემაჯამებელი ანგარიში.      


საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან საორიენტაციო დოკუმენტად იქცა.



 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები