საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს.
ჯამურად 800 ჰა სივრცე და 3 მლნ კვ/მ სამშენებლო ფართი. თბილისში ფონიჭალის მიმდებარედ მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის კომპლექსები. რაც შეეხება გონიოს პროექტს, ის მოიცავს იახტ მარინას, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, კომერციულ და გასართობ ზონებს.
„საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ“, - ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა იანვარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ამ საოცარ ქვეყანაში - საქართველოში - ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით". ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე,"- განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
Emaar ჯგუფის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას დიდი მიღწევად აფასებენ უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები. დეველოპერული ბიზნესი ქვეყანაში ცნობილი კომპანიის შემოსვლას მიესალმება და მიაჩნიათ, რომ Emaar-ის შემოსვლით საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მომზიდველი გახდება.
„Emaar ჯგუფის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე“, - ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, Emaar ჯგუფის შემოსვლა საქართველოში ეს უკვე ნიშნავს სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე დიდ ეფექტს მოახდენს.
„სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ Emaar-ის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. მე მგონია და სტატისტიკაზე დაყრდნობით მჯერა, რომ Emaar-ის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც Emaar შევიდა მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები გაორმაგდა, ტრანზაქციების რაოდენობაც გაორმაგდა. ეს არის ახალი ჯგუფი მომხმარებლებისა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო მომზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი. უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და დაბუსტვა თქვენ მოგეხსენებათ თუ რა გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ისე ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა და ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი თითოეული მოქალაქე“ - აცხადებს ილია წულაია.
"იელთი ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძე კი ფიქრობს, რომ Emaar-ის შემოსვლას გარდა პირდაპირი ეფექტისა, ექნება ირიბი გავლენაც.
„Emaar-ის შემოსვლა თავისთავად, მიუხედავად პროექტის ბიუჯეტისა უკვე იქნებოდა სერიოზული ზეგავლენის მატარებელი ჩვენი ბაზრისთვის. ამ მასშტაბის ინვესტიცია კი გაცილებით დიდი ეფექტის მომტანი იქნება.
Emaar-ის შემოსვლით პირდაპირ გაიზრდება ცნობადობა, რასაც ბაზრის მიმზიდველობა მიყვება. ამ დონის კომპანიის საქართველოში ექსპანსია სიგნალია სხვა ინვესტორთათვის და ხაზს უსვამს სანდოობის და პოზიტიური მოლოდინების ასპექტს.
გარდა პირდაპირი ეფექტისა ჩვენს სექტორზე, ამ მნიშვნელობის პროექტს ირიბი გავლენა ექნება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე. იელთი ჯგუფი, როგორც ყველა საღი ბიზნესი, ძალიან გულშემატკივრობს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებს ვალერი გურგენაძე.
„ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლა რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო მესიჯია სხვა პოტენციური ინვესტორების. გაჟღერებული იყო, რომ ეს ინვესტიცია ჩაიდება დეველოპმენტისა და მშენებლობის სექტორებში. ამ ინვესტიციას გავლენა ექნება არა მხოლოდ ამ სექტორებზე, არამედ სხვა თანმდევი ეფექტი ექნება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურის სექტორი და ადგილობრივი ბიზნესი“, - აღნიშნა თიბისის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა მერი ჩაჩანიძემ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი კი მიიჩნევს, რომ Emaar ჯგუფი მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და სასიხარულოა, რომ ის საქართველოს ბაზით დაინტერესდა.
„მსოფლიო მასშტაბით, დეველოპერული სექტორი თუ სადმე წარმატებულია, ცხადია, პირველ რიგში თავში აზრად მოგვდის დუბაი და ზოგადად - ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ Emaar ჯგუფი გახლავთ და სასიხარულოა, როდესაც აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზით დაინტერესდა. ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს. არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობ სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმებისთვისაც კარგია. ეს ასევე ქვეყნის ცნობადობასაც აამაღლებს“, - აღნიშნა საღირაშვილმა.
„მიმაჩნია, რომ ეს არის ეკონომიკური გუნდის ძალიან დიდი წარმატება, ვინაიდან თავად EMAAR-ი გახლავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია და EMAAR-ს უკავშირდება ის დიდი წარმატება, რასაც დუბაიმ მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. ინაიშვილის განმარტებით, საქართველოს ბაზარზე EMAAR ჯგუფის შემოსვლით კიდევ უფრო გაიზრდება დეველოპერული ბაზარი და ის ახალი ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაც გახდება.
„მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს საამიროებში და მათ შორის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ გამოვყოფდი სამ პროექტს, ეს არის „მარინა“, „დუბაი მოლი“ და „ბურჯ ხალიფა“. მგონია, რომ დუბაიში ყველა ჩამსვლელმა იცის, ეს სამი პროექტი. თუმცა კომპანიას სხვა ბევრი, ასობით პროექტი აქვს განხორციელებული.
ჩვენი ქვეყნისთვის EMAAR-ის შემოსვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დეველოპმენტი არის წამყვანი და ლოკომოტივი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ასეთი ცნობილი კომპანიის შემოსვლა ჩვენს ბაზარზე რა თქმა უნდა დამატებითი სტიმული იქნება ამ დარგის განვითარების, რადგანაც ამ დარგზეა აწყობილი სხვა დარგები, ეს არის მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა EMAAR-ს აქვს დიდი გამოცდილება. აქ საუბარი არ არის, რომ ისინი კონკურენციას გაუწევენ ადგილობრივ დეველოპერებს, არამედ პირიქით ახალ სიტყვას შემოიტანენ ამ ბიზნესში და ახალ ინვესტიციებს მოიზიდავენ“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
Galt & Taggart-ის ასოცირებულ მკვლევარს ზუკა თავყელიშვილს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არაბული Emaar ჯგუფის შემოსვლა გარკვეულ ცვლილებებსაც შემოიტანს.
„ზოგადად ისეთი ინვესტორის შემოსვლა, როგორიც არია Emaar-ი, რა თქმა უნდა ის აჭარის ეკონომიკას წაადგება. პირველ რიგში აქ ბენეფიტი არის ის, რომ დადგება ახალი სტანდარტი და უკვე სხვა დეველოპერებს მოუწევთ, რომ ამ სტანდარტის გარშემო ადაპტირდნენ. ანუ შემოვა საერთაშორისო ინვესტორი, რომელსაც აქვს ასეთი რეპუტაცია და გამოცდილება და რაღა თქმა უნდა მშენებლობის ხარისხიც მაღალ დონეზეა. შესაბამისად სხვა პროექტები, რომელიც ამ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ გამოჩნდება ბაზარზე, თუ დეველოპერებს სურვილი ექნებათ, რომ პრემიუმ სეგმენტში შევიდნენ და აქ აშენონ ბინები, რა თქმა უნდა მათ ერთ-ერთ კონკურენტად, სწორედ ეს პროექტი განიხილება. შესაბამისად ადგილობრივ დეველოპერებსაც მოუწევთ, რომ ამ ხარისხზე ადაპტირდნენ.“, - ამბობს Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორებში 6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ყველაზე მასშტაბურია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ადგილობრივი ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
საამიროების უმსხვილესი დეველოპერი კომპანიის Emaar Properties დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის კომპანია Eagle Hills - ი თბილისსა და გონიოში დაახლოებით 800 ჰა ფართობზე მსხვილ დეველოპერულ საინვესტიციო პროექტებს განავითარებს.
კომპანია საქმიანობს 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, სერბეთში, უნგრეთში, ლატვიაში, იორდანიაში, ომანში, ალბანეთში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და სხვ. უშუალოდ საამიროებში Emaar - ის და Eagle Hills - ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე, პროექტები Dubai Marina - ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვ.
თბილისში, ფონიჭალაში მოეწყობა გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსები. რაც შეეხება გონიოს, 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გახდება ბათუმის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტან ქალაქისთვის ახალი გასართობი და რეკრეაციის შეთავაზების დივერსიფიკაციის პროცესში. პროექტი მოიცავს იახტ-მარინას, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, კომერციულ და გასართობ ზონებს, რაც ბათუმის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ყველგან, სადაც კომპანია Eagle Hills-ი ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები. შედეგად, საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.
Emaar Properties/Eagle Hills - ისთან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ვიზიტები საინვესტიციო ლოკაციების შერჩევისა და შეფასების მიზნით. მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მეგობრულია და მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობას. როგორც მოჰამედ ალაბარი აღნიშნავს, საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია და თავად ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია.