საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სექტორი, იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 58%-ით, ანუ 662 მლნ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მონაცემების მიხედვით, ზრდა 7,6%-იანია.
„ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად - მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადასცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უახლესი