პირველივე ჩამოსვლაზე და შეხვედრებზე არ იდება ხოლმე შედეგები, თუმცა იწყება მოლაპარაკებები, სწორედ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყო დღეს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საინვესტიციო ბიზნესფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადსა.
მიხეილ ხიდურელის თქმით, ქვეყანას საუდის არაბეთიდან100-ზე მეტი კომპანია სტუმრობს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციას ადგილზე ეცნობიან.
„დღევანდელი მონაცემებით საუდის არაბეთთან ქვეყანაში დაფიქსირებული ინვესტიცია 100 მლნ დოლარია, რაც ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ისეთი პოტენციალი გააჩნია როგორც საუდის არაბეთია არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ საქართველოში იმართება საკმაოდ მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი. ასევე ჩვენ გვყავს სტუმრად 100-ზე მეტი საუდის არაბეთის კომპანია, რომლებსაც დავათვალიერებინეთ სხვადასხვა საწარმო, სხვადასხვა ტერიტორია და საინვესტიციო შესაძლებლობები. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი ამხელა დელეგაციასთან ერთად, ჩაუყრის საფუძველს იმას, რომ განვითარდეს საქართველოსა და საუდის არაბეთის ურთიერთობები. ვხედავთ ძალიან მზარდ ინტერესს საქართველოსადმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურის ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები. თქვენ იცით, რომ ჩვენ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მუშავდება რამდენიმე ძალიან მსხვილი პროექტი, ამიტომ ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე საუდის ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოთი. რა თქმა უნდა, პირველივე ჩამოსვლაზე და შეხვედრებზე არ იდება ხოლმე შედეგები, თუმცა იწყება მოლაპარაკებები. სწორედ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და საზოგადოებას სისტემატურად გავაცნობთ ხოლმე ამ შედეგებს. ძირითადი სექტორები, რომლითაც დაინტერესებულები არიან საუდის არაბეთის ბიზნესმენები, ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. ეს არის უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა. სწორედ ეს არის ის მთავარი სექტორები, სადაც გარე ინვესტიციებს ახორციელებენ საუდის არაბეთის ინვესტორები და სწორედ ამ სექტორებზე მოხდა აქცენტის გაკეთება, უპირატესობების ჩვენება და, რა თქმა უნდა, კონკრეტული შეთავაზებები“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა.
ფორუმის მიმდინარეობისას საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების პრეზენტაციას გაცნობოდნენ, რომელიც მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
უახლესი