დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა - ოთარ ნადარაია

დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა - ოთარ ნადარაია

13-03-2024 15:00:00

ქვეყანაში ინფლაცია უკვე დაბალია და ყველა ინდიკატორით მცირდება. შესაბამისად, ინფლაციურმა მაჩვენებლებმაც რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაში თავისი დიდი როლი შეიტანა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა დოლარისა და ევროს მაღალი განაკვეთები, არსებულ რეალობაში გეოპოლიტიკურ რისკებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაც იქნებოდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების.

„ჩვენი ბოლო მოლოდინებით, რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 8%-მდე უნდა შემცირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია დაბალია, სავალუტო შემოდინებები ძლიერია და არგუმენტი, რომ 8,25%-ი შედარებით მკაცრი განაკვეთია, ძალაშია. ასევე უნდა ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მონაცემებით, მაკროეკონომიკური გარემო შემცირების საშუალებას იძლევა და თუ განაკვეთი შესამცირებელია, თავიდანვე სჯობს შემცირება“, - მიიჩნევს ოთარ ნადარაია.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განცხადებით, თუ რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა, რაც დაკავშირებულია მაგალითად ნავთობის ფასების მკვეთ ზრდასთან, ან იგივე ლარის მკვეთრ გაუფასურებასთან, ანუ ინფლაციის დაბრუნება საქართველოში სამიზნეზე მნიშვნელოვნად მაღლა წელს ნაკლებად სავარაუდოა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. როგორც სებ-ში განმარტავენ, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები