2023 წლის პირველ ნახევარში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, არაფინანსური კომპანიები ზრდას სტაბილური ტემპით განაგრძობს.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია, განსაკუთრებით მაღალი ზრდა შეინიშნება დიდი ზომის კომპანიებში. ამასთან არაფინანსური კომპანიების თითქმის ყველა სექტორში მდგრადობა გაზრდილია.
„აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის, პანდემიასთან დაკავშირებული უკუსვლის შედეგად სესხებზე საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე კომპანიათა წილი ნულს მიუახლოვდა.
კომპანიების დაფინანსებაში საბანკო სესხების წილის ზრდა კვალავ გამოიკვეთა. ამასთან, არაფინანსური კომპანიების მთლიან დაფინანსებაში მოკლევადიანი ვალის წილის შემცირება შეინიშნება. გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, კომპანიების მნიშვნელოვანი დამოკიდებულება დაფინანსების საგარეო წყაროებზე და ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია სექტორში არსებულ რისკებზე მიუთითებს. თუმცა კომპანიების მოწყვლადობის ანალიზის თანახმად, ზომიერი სტრესის სცენარის შემთხვევაში კომპანიების ვალის მომსახურების უნარი კვლავ ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება, ხოლო მათი ფინანსური მდგრადობის რისკები არსებითად არ იზრდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წერია ასევე ისიც, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული წინაღობების გადალახვის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, არაფინანსური კომპანიების სექტორი ზრდას სტაბილური ტემპით განაგრძობს.
„2023 წლის პირველ ნახევარში, დიდი ზომის არაფინანსური კომპანიების ბრუნვამ მაღალი ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, ხოლო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში 2022 წელთან შედარებით ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დიდი ზომის არაფინანსური კომპანიების ბრუნვის ზრდა მაღალ ნიშნულზე, საშუალოდ 19 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურდა.
ხოლო მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ზრდა უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა საბაზო ეფექტის მიმართ და 2023-ის პირველ ნახევარში მხოლოდ 4 პროცენტი შეადგინა. კომპანიების ეს ჯგუფი ბაზრის შედარებით დაბალი დივერსიფიკაციითა და რისკების მართვის შედარებით შეზღუდული შესაძლებლობით ხასიათდება, რაც მათ გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადს ხდის.
პანდემიის პერიოდში მხარდაჭერის ზომებმა ხელი შეუწყო დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებას, ვალის მომსახურებასა და რეფინანსირების რისკების შემცირებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, COVID-19-ის შედეგად დაზარალებული კომპანიების უმრავლესობას შემოსავლები აღუდგა. მდგომარეობის აღნიშნული გაუმჯობესება, ყველა ზომის კომპანიაში გამოიკვეთა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის, პანდემიასთან დაკავშირებული უკუსვლის შედეგად, სესხებზე საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე კომპანიათა წილი ნულთან ახლოსაა.
თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, გაურკვევლობა ნარჩუნდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის კომპანიები, რომელთა სავაჭრო ურთიერთობები მეტწილად რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზეა დამოკიდებული. ამავდროულად, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, იმ კომპანიებში, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, გაზრდილია მოწყვლადობა როგორც ვალუტის კურსის შესაძლო მერყეობების, ისე საპროცენტო ხარჯის ზრდის კუთხით.
აღნიშნული რისკების შესაბამისად, მუდმივად უნდა ხდებოდეს მსესხებლების მდგომარეობის შეფასება და ანალიზი, ხოლო ბანკებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ისეთი კომპანიების დაფინანსებისას, რომლებსაც არაჰეჯირებული სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული ან მხოლოდ ერთი ქვეყნის ბაზარზე არიან დამოკიდებულნი და პოტენციურ გამოწვევებთან გამკლავების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ“, - ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.
უახლესი