დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - სებ

დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - სებ

09-01-2025 12:00:00

მიგრაციის ეფექტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი დასტაბილურდა და დოლარში გამოხატული ქირის ფასის შემცირებაც შეინიშნება, თუმცა ქირის ფასი მის გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ. დოკუმენტის თანახმად, მიგრაციის ეფექტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი დასტაბილურდა და დოლარში გამოხატული ქირის ფასის შემცირებაც შეინიშნება, თუმცა ქირის ფასი მის გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს. „მიგრაციის ეფექტის შედეგად, 2022-2023 წლებში ქირის ფასის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა, 2023 წლის აპრილიდან კი ქირის ფასის ინდექსი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, განსაკუთრებით შემცირებულია ბინის ქირის დოლარში გამოხატული ინდექსი. ქირის ფასის შემცირების მიმდინარე დინამიკა ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი ნაკლებადაა, რადგან შემცირებას ეტაპობრივი ხასიათი აქვს. ამასთან, ერთჯერადი ეფექტით გამოწვეული მკვეთრი ზრდის შემდეგ ქირის ფასის შემცირების დინამიკა მოსალოდნელი იყო.

ქირის ფასის შემცირებამ, თავის მხრივ, კაპიტალიზაციის ინდექსის შემცირება გამოიწვია, რაც ქირის ღირებულების უძრავი ქონების ფასთან ფარდობას წარმოადგენს და უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია.

შესაბამისად, უძრავი ქონების ქირის ფასებზე მსგავსი ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება შესაძლოა უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობაზე აისახოს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა, რაც საშუალო ხელფასის მზარდი დინამიკით არის გამოწვეული.

უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ფუნდამენტური ფაქტორია. წინა პერიოდებში უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ნაწილობრივ მიგრაციის ეფექტის ასახვაა. მიმდინარე მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის ეფექტი ამოწურულია, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს. რაც შეეხება მიწოდების მხარეს, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მრავალბინიანი სახლების ნებართვების მოცულობა, რაც ჭარბი მიწოდების რისკების წყარო შესაძლოა გახდეს.

საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემული სესხების ხარისხი კარგია, ასევე მდგრადია იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი. თუმცა, დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საყურადღებოა. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები