დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საფრთხეების პრევენციის და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის - მამუკა მდინარაძე

2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საფრთხეების პრევენციის და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის - მამუკა მდინარაძე

09-01-2025 16:17:00

სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ და დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი ზომების მიღების მიზნით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე, გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

„დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

„დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები