,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის" - ამ სლოგანით ,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" წელს მეთორმეტედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და 21 მარტს - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
ასოციაციის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო ,,ბაბალე" ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადა. „ბაბალე“ 2 სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.
მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების ადაპტაციის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, დასაქმება ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. როგორც ,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრი ნინო კალანდია Business Insider Georgia-თან ამბობს, ,,ბაბალეს" მიზანი იყო , რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები დასაქმდებოდნენ, რაც ჯერჯერობით პრობლემად რჩება.
„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარკვეული აქტივობები განვახორციელეთ. ჩავატარეთ მშობელთა ოთხდღიანი კონფერენცია, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანეთ მშობლები და შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი.
4 თემატურ ჯგუფად ვიყავით დაყოფილი. მერე უკვე ყველამ თავ-თავისი პრეზენტაცია წარადგინა და შევაჯამეთ. კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ჩვენი მუშაობის წარდგენას სტუმრებისთვის. განვლილ პერიოდს თუ შევაჯამებთ, ბევრი რამ ნამდვილად შეიცვალა, თუმცა რიგი პრობლემაა დასაქმებასთან დაკავშირებით.
„ბაბალეს" შექმნის მიზანიც ის იყოს, რომ შეგვექმნა მათთვის სივრცე, სადად დასაქმდებოდნენ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პროფესიულ კოლეჯებთან, რათა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა შესაბამისი პროფესია შეიძინონ და დასაქმდნენ. ახლა ეს საკითხი ყველაზე მეტად დგას დღის წესრიგში, რომ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების საკითხი იყოს უზრუნველყოფილი", - ამბობს ნინო კალანდია.
მისი ინფორმაციით, დღესდღეობით სულ ორი კომპანიაა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები არიან დასაქმებული: სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ" და ,,ევექსი".
ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ქოლგის ქვეშ 2014 წელს შეიქმნა.
საწარმოში დასაქმებულია 10 ადამიანი, მათგან 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დანარჩენი კი მშობლები.
უახლესი
36 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა