ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, კერძო ფონდის მხრიდან დაფუძნდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918 წელს შეიქმნა თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და 2020 წელს შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კომპლექსური პროექტი და „რეგიონში პირველად შეიქმნა ერთიანი კამპუსი, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ცხოვრების საშუალებაც აქვთ, რაც ქმნის განსაკუთრებულ აურასა და კარგ სამუშაო სივრცეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის. უნივერსიტეტი ღიაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადაიქცევა ნამდვილ საგანმანათლებლო ჰაბად“.
„ქართუ ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, „ფონდი ქართუ“ უკვე თითქმის 30 წელია ოპერირებს საქართველოში, ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ფონდს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა.
„ამ მხრივ ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ, როგორც საშუალო ისე უმაღლეს განათლებაში. მაგრამ ყველაზე დიდი ამ პროექტებიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, სადაც ფაქტობრივად, ნულიდან შეიქმნა ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - განაცხადა ჩხეტიანმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა 2020 წლის 21 ოქტომბერს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამები მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებების დარგში. უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით.
უახლესი