The Coca-Cola Company მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც 1886 წელს ატლანტაში, ჯორჯიის შტატში დაფუძნდა. კომპანიის საბაზრო შეფასება ამჟამად $296 მილიარდს აღწევს, რაც მას გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს. მისი წარმატების მრავალწლიანი ისტორია არაერთ საინტერესო მოვლენას აერთიანებს, რომელთა შესახებ ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
კომპანიის ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ფარმაცევტმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა კოკა-კოლას ფორმულა შექმნა. მისი მიზანი უნიკალური და სასიამოვნო გემოს მქონე სასმლის შექმნა იყო, რომელიც ასევე გამოსადეგი იქნებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მართალია, კოკა-კოლა მედიკამენტად ვერ იქცა, თუმცა გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე მისი პოპულარობა თვალისმომჭრელი ტემპით გაიზარდა.
1888 წელს ასა ქენდლერმა საწარმო გამოისყიდა და The Coca-Cola Company დააფუძნა, რომელიც შემდგომ გლობალურ ჰოლდინგაც იქცა. ქენდლერმა წარმოება გააფართოვა და კოკა-კოლას ბრენდის აგრესიული მარკეტინგი დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.
1919 წელს Coca-Cola საჯარო კომპანია გახდა და მისი აქციები უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე გახდა ინვესტორთათვის ხელმისაწვდომი. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა ინვესტორების ნდობა და ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა. ის ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც სტაბილურად დაიწყო დივიდენდების გაცემა და ამ ტრადიციას Coca-Cola დღემდე არ ღალატობს, რადგან უკვე ზედიზედ 63 წელია, რაც ის მოგებას ინვესტორებზე დივიდენდის სახით ანაწილებს.
1920-იან წლებში Coca-Cola-მ აქტიურად დაიწყო საერთაშორისო გაფართოება და ის ევროპისა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე შევიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კომპანიამ წარმოება მკვეთრად გაზარდა და ჯარისკაცებს კოკა-კოლით მომარაგება დაიწყო, რამაც კომპანიას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ითვლება კოკა-კოლა ამერიკული კაპიტალიზმის სიმბოლოდ, სწორედ ეს არის.
1950-იან წლებში კოკა-კოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი გახდა, რადგან მის სახელსა თუ ლოგოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში მარტივად ცნობდნენ. ტრადიციულ კოკა-კოლასთან ერთად, კომპანიამ ახალი სასმელების წარმოებაც დაიწყო. 1960-იან წლებში კომპანიამ Minute Maid-ი შეისყიდა და ბაზარზე წარადგინა ისეთი ახალი ბრენდები, როგორიცაა: Fanta და Sprite.
ამჟამად კოკა-კოლა მსოფლიოს 190-მდე ქვეყანასა თუ ადმინისტრაციულ ზონაშია ხელმისაწვდომი და ის თითქმის ყველა კონტინენტზე ყველაზე მოთხოვნად სასმელს წარმოადგენს.
The Coca-Cola Company-ის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მარკეტინგულ აქტივობებს, რადგან სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი რეკლამები სწორედ მასთანაა დაკავშირებული. კოკა-კოლას მთავარი მარკეტინგული კოზირი ახალი წელი და სანტა კლაუსია, რომელიც კომპანიის ფერებშია გამოწყობილი და ყოველთვის კოკა-კოლას სვამს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კულტურაში სანტა კლაუსის არსებობა პირდაპირ კავშირშია Coca-Cola-ს მარკეტინგულ კამპანიასთან, რომელმაც მითოლოგიური პერსონაჟი ბრენდის სახედ აქცია.
The Coca-Cola Company-ს მსოფლიოს მასშტაბით 700,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და ის 500-მდე საწარმოს ფლობს. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მისი მიწოდების ჯაჭვი და წარმოების მართვის მოდელია. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კოკა-კოლას უცვლელი გემო აქვს და თან ყოველი ბოთლი უმაღლესი სტანდარტებით მზადდება, რის გამოც კოკა-კოლას ადამიანები ათწლეულები მოიხმარენ და ხარისხზე არასოდეს წუწუნებენ.
უკვე ათწლეულებია, რაც Coca-Cola ინვესტორების ერთ-ერთ საყვარელ კომპანიად რჩება, რაც არა მარტო მოთხოვნადი პროდუქციით, არამედ გამართული ბიზნესმოდელით და ეფექტიანი მენეჯმენტითაა განპირობებული. კომპანია სტაბილურად გასცემს დივიდენდებს და მუდმივად ახერხებს შემოსავლების გაზრდას.
გარდა ამისა, Coca-Cola-ს დადებითი დინამიკა ახასიათებს, რასაც ის ცხადყოფს, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს მისი აქციები თითქმის 14%-ითაა გაზრდილი, რაც დივიდენდის გამცემი კომპანიისთვის შესანიშნავი შედეგია. თუკი ისტორიულ მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ Coca-Cola-ს თითქმის 5,600%-იანი ზრდა აქვს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად აქცევს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდამდე ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
Coca-Cola-ს აქციების შეძენა და დივიდენდური შემოსავლის მიღება საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულის დახმარებით მარტივად შეგიძლია, რომელიც მობილბანკშია ხელმისაწვდომი.
უახლესი