28-06-2024 11:00:00
ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო მუზეუმია განთავსებული ისტორიული ნაგებობაა, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა. სასტუმრო მუზეუმი თბილისის შუაგულშია განთავსებული. სასტუმროში ორი კვების ობიექტია (სახელგანთქმული ღვინის რესტორანი და ლაუნჯ ბარი ულამაზესი ხედებითა და ტერასით), 46 კომფორტული ნომერი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს აქვს უფასო wi-fi და პარკინგი. მე–19 საუკუნის სტილი, საუცხოო დიზაინი, მუზეუმის არქიტექტურა გულგრილს არ დატოვებს სტუმრებს. სასტუმრო 2016 წლიდან ოპერირებს. როგორ აფასებს მაღალ ტურისტულ სეზონზე სასტუმროს საქმიანობას მენეჯმენტი და რა მოლოდინები აქვთ ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia სასტუმროს მმართველი კომპანიის, Hotel Collection International-ის რეგიონულ დირექტორ ქეთი მიქაშავიძეს ესაუბრა.
როგორ მუშაობს სასტუმრო „მუზეუმი“ ზაფხულის მაღალ სეზონზე? როგორია დატვირთულობა? როგორია მოლოდინი?
სასტუმრო მუზეუმისთვის, ისევე როგორც ზოგადად თბილისისთვის, ზაფხული მაღალი სეზონის პერიოდია. თუმცა, ჩვენთვის ამ დროს მნიშვნელოვნად იცვლება სტუმრების კატეგორია. თუ სხვა სეზონებზე ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ჯგუფებისგან და კორპორაციული სტუმრებისგან მოდის, ზაფხულში ჩვენი სასტუმრო ძირითადად ინდივიდუალური სტუმრებით ივსება, რომლებიც თბილისს რამდენიმე დღით დასასვენებლად სტუმრობენ. სასტუმრო მუზეუმი განთავსებულია მაიკო ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, შესაბამისად ჩვენთან მოსული სტუმრები ავთენტურობას და XIX საუკუნის თბილისის სალონურ ატმოსფეროს პოულობენ, რაც მათ თბილისისგან მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. რაც შეეხება ამ ზაფხულს - დატვირთულობა 80%ზე მაღალია და ჯავშნების რაოდენობა ყოველ დღე გვემატება.
რომელი ქვეყნებიდან გაქვთ ჯავშნები და რა პროცენტია ადგილობრივი მოქალაქეების წილი?
ჩვენი სტუმრების გეოგრაფია ძალიან ფართოა, ერთ კონკრეტულ ქვეყანას ვერც გამოვყოფთ - წელს ბევრი სტუმარი გვყავდა ესპანეთიდან, ამერიკიდან, მეზობელ ქვეყნებიდან სტუმრები ისტორიულად ბევრი გვყავს ყოველთვის. ბაზრის ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე გაგვეზარდა მოთხოვნა გალფის ქვეყნებიდან. ადგილობრივი სტუმრების წილი ჩვენთან ყოველთვის მაღალი იყო, რაც თბილისისთვის უჩვეულოა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინტერიერები, მეგობრული სერვისი, გემრიელი საუზმეები, და, რა თქმა უნდა ლოკაცია ქალაქის შუაგულში - ყველაფერი ერთად ხდის ჩვენს სასტუმროს მიმზიდველს ადგილობრივი სტუმრებისთვის, როგორც საქმიანი, ასევე დამსვენებელი.
რა სიახლეებს სთავაზობთ სტუმრებს ზაფხულის სეზონზე?
სასტუმროსთან მდებარე რესტორან სირაჯხანაში მუდმივად ვზრუნავთ სიახლეებზე და სტუმრებისთვის მრავალფეროვნების შეთავაზებაზე. წელს უკვე რამდენიმე საექსპერიმენტო და სეზონური მენიუ შევქმენით, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი კერძი ძირითად მენიუშიც დავტოვეთ. ასეთი იყო, მაგალითად, შეშის ღუმელში გამომცხვარი იხვის მკერდი ფორთოხლის სოუსში. მიმდინარედ ძალიან საინტერესო პროდუქტი შემოვიტანეთ ჩვენს რესტორანში - ისტორიული მენიუ, რომელიც შექმნილია მაიკო ორბელიანის სამზარეულოს ინსპირაციით. ამ კერძების შეკვეთა როგორც ინდივიდუალურად შეიძლება, ასევე გვაქვს ჯგუფური შეთავაზებაც, რომელშიც შედის 5 საექსპერიმენტო ისტორიული კერძი -
• პომიდვრის შეჭამანდი ნიგვზით და მჭადით
• იხვის უნაზესი ყაურმა ქონდრით
• წიწილის ჩაშუშული პომიდვრით
• გამომცხვარი კურდღელი საფერავში მოთუშული ხახვით და სტაფილოთი
• ნიგვზიანი ქადა კამეჩის მაწვნით და ხილით ამ მენიუს ღირებულება 85 ლარს შეადგენს ერთ სტუმარზე და 4 სტუმრისგან და მეტი ზომის ჯგუფებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ შემოთავაზებამ უცხოელ სტუმრებში, ვინაიდან ქართულ ტრადიციულ გემოებთან ერთად განსხვავებულ და არასტანდარტულ კერძებს აგემოვნებენ. ასევე პარასკევობით ჩვენს რესტორანში გემოვნებიანი თბილისური ჰანგების მოსმენაა შესაძლებელი. რაც შეეხება კაფე მუზეუმს - აქ კონცეფცია თანამედროვეა და ინტერიერი ბოჰემური. მენიუც ევროპული კერძებისგან შედგება. ჩვენს კაფეში ზაფხულის სეზონისთვის მოვამზადეთ ბიზნეს ლანჩის შემოთავაზება, რომელმაც მოწონება დაიმსახურა როგორც მიმდებარედ მომუშავე კორპორაციული სტუმრებისგან, ასევე სასტუმროს დამსვენებლებისგან. ჩვენს გრილ ტერასა და რესტორან სირაჯხანაში რამდენიმე სიახლეს კიდევ ვამზადებთ წელს და ნელ ნელა გაგაცნობთ ახალ შეთავაზებებს.
ინდოეთთან და ჩინეთთან პირდაპირმა ფრენებს და ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას თუ აქვს გავლენა ვიზიტორების სპექტრზე?
ამ ეტაპზე ინდოეთი და ჩინეთი არ არის ჩვენთვის უპირატესი ბაზარი.
რა არის თქვენი სასტუმროს კონკურენტული უპირატესობა?
2016 წლიდან სასტუმრო მუზეუმი არის ადგილი, რომელიც კონცეპტუალურად ერთ შენობაში აერთიანებს რამდენიმე სივრცეს - ამ ისტორიულ შენობაში 46 ნომერთან ერთად განთავსებულია ქართული რესტორანი სირაჯხანა, წლების მანძილზე მრავალი საინტერესო ჯილდოს მფლობელი და დღემდე გამორჩეული გემოების საავტორო სამზარეულოთი. პირველ სართულზე სტუმრებს ვთავაზობთ ევროპულ კაფეს ტერასით, სადაც დღის პირველ მონაკვეთში სასტუმროს სტუმრებს კლასიკური ცოცხალი მუსიკის ფონზე ვთავაზობთ მრავალფეროვან საუზმეს, და ლანჩ მენიუებს საქმიანი შეხვედრებისთვის, დღის მეორე ნახევარში კი ღია და დახურულ გლამურულ ღონისძიებებს ეთმობა სივრცე, აქტუალურია ფურშეტ მენიუები, სამ კერძიანი ვახშმები და კლასიკური შერეული სამზარეულოს სახასიათო კერძები.
მეექვსე სართულზე ქალაქის ულამაზესი ხედებით გვაქვს ვიტრაჟული ლაუნჯის ტიპის სივრცე პატარა ტერასით, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია საქორწილო და სადღესასწაულო წვეულებებისთვის, სასტუმროს სივრცეშივეა სახასიათო ინტერიერის საკონფერენციო დარბაზი. ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კი არის რომ ეს ისტორიული შენობა ამდენ ღია და დახურულ მრავალფეროვან სივრცეს მოიცავს და აერთიანებს. ცენტრალურ ადგილმდებარეობასთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა ორბელიანის მოედნის და მთლიანად უბნის რეაბილიტაციასთან ერთად, მაღალი დონის სერვისი, განვითარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შენობა, რომელიც თავის ულამაზეს ინტერიერებში აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს და რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი - სწორედ ეს მგონია ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რომელიც ბაზარზე ჩვენს წარმატებას უზრუნველყოფს.