აჭარაში სასტუმროებს დატვირთვა შეუმცირდათ. ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეიმჩნევა ,,კასტელო მარეში“, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტია.
როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი ზანდა მესხიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ჯავშნების გაუქმების მთავარი მიზეზი უამინდობაა, თუმცა ერთეული შემთხვევაა, როცა დამსვენებლები შეკვეთებს შავის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო აუქმებენ.
„რთული იყო მაისი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დატვირთვა განახევრდა, თუმცა ივნისიდან ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, უამინდობის გამო დინამიკა დიდხანს ვერ შენარჩუნდა. ბოლო პერიოდში, ამინდიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკლებობაა. კერძოდ, თუკი 45-50% -ს აღწევდა ,,კასტელო მარეს“ დატვირთულობა, ახლა 27%-ია, ცხადია, კლება უამინდობის ხარჯზეა.
თუმცა რამდენიმე შემთხვევაც იყო, როცა ჯავშნის გაუქმების მიზეზად ზღვის დაბინძურება დასახელდა. ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ჯერჯერობით არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებზეც ეკოლოგიური ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს. ესეც რომ არ იყოს, ბოლო პერიოდში სულ წვიმს და ადამიანები დასვენებისგან თავს იკავებენ“, - ამბობს ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ფასებს, ზანდა მესხიძის ინფორმაციით, მაღალ სეზონზე სასტუმროში ნომრების ფასი ერთი ღამით, 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს. შარშანდელთან შედარებით, ტარიფები თითქმის შენარჩუნებულია.
სასტუმრო „კასტელო მარე“, გახლავთ, 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო, ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს. თითოეული კატეგორია განსაკუთრებული კომფორტითა და საუცხოო ხედებით გამოირჩევა.
უახლესი