BAG-მა 2023 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი 5 ფაქტორი დაასახელა. სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები. მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 64% ასახელებს ხელის შემშლელად).
რა გავლენა ექნება ამ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი და სად არის გამოსავალი, ამ საკითხებზე Business Insider Georgia „ბი დი ო“ საქართველოს მმართველი პარტნიორ ზურაბ ლალაზაშვილს ესაუბრა:
კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის გრძელვადიანი გამოწვევაა. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემა, როგორიც შეიძლება იყოს ვალუტის კურსის მერყეობა, ადმინისტრაციული ბარიერები, რაც შესაძლოა, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოგვარდეს. კადრების პრობლემა, მე ვფიქრობ გრძელვადიანია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. თუ არ მოიძებნა ამის გადაჭრის გზები, ეს კიდევ უფრო მეტად დაარტყამს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკას.
უშუალოდ ბიზნესს, რის გაკეთება შეუძლია ამ პრობლემის დასაძლევად?
ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესმა უნდა გაზარდოს ხელფასი, თუმცა კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მაღალი ხელფასზე ვაკანსიებზე მოთხოვნებს, ამ კუთხით ბაზარზე ხელმისაწვდომობა დაბალია. მაგალითად IT სექტორი ... კერძოდ თუ კომპანიაში არ არის განვითარებული ციფრული ტექნოლოგიები, მას მომავალი არ აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, ეფექტურობის გაზრდა, ხარჯების შემცირება და ა.შ. ამ სექტორს თუ გადავხედავთ, IT სპეციალისტები, ეს სამუშაო ძალა დიდი რაოდენობით არ შემოდის ბაზარზე, როგორი მოთხოვნაც არის გლობალურად. შესაბამისად, ის სპეციალისტები, რომლებიც ბაზარზე არიან, ურჩევნიათ სამუშაო უცხოეთში ნახონ ან იმ კომპანიებში დასაქმდნენ, რომლებიც საქართველოში არიან დარეგისტრირებული, მაგრამ უცხოეთის ბაზარზე მუშაობენ. შესაბამისად, ქართულ ბიზნესს IT სპეციალისტებზე წვდომა ძალიან დაბალი აქვს.
თუმცა, სხვა სექტორებში არის მაგალითები, რომ კომპანიებს აქვთ მაღალი მოგება, თუმცა იგივე ქსელურ მარკეტებში ან ჰორეკა სექტორში ანაზღაურება დაბალია
იმისთვის რომ ქართულმა ბიზნესმა გადაიხადოს მაღალი ხელფასები IT სექტორში, სერვისის გაძვირება მოუწევს და კონკურენცია უნდა გაუწიოს ამერიკულ ბიზნესს, რაც არარეალურია. სხვა შემთხვევაში ბიზნესმა უნდა გააძვიროს პროდუქცია, მომსახურება თუ სხვა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე არ არის იმხელა შემოსავალი, რომ შეძლოს მოსახლეობამ ამის გადახდა.
აქტიურად არის საუბარი იმაზე, რომ კადრების დეფიციტის ფონზე, მოსალოდნელია მუშა-ხელის მიგრაცია
უცხოეთიდან ეს რეალურია, ბიზნესი ამ პრობლემის წინაშე უკვე დგას, რომ სამუშაო ძალის მიგრაცია საქართველოში მოხდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც უფრო დაბალი შემოსავალია. ეს არ ეხება მხოლოდ IT სექტორს...მათ შორის შეგვიძლია ავიღოთ სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები. ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთი გზა. სამწუხაროდ, გრძელვადიანად, რასაც საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება, ეს არის ადამიანური რესურსების დეფიციტი. იგივე ეხება ენერგომატარებლებს. თუ არ გვექნება წვდომა ამ რესურსებზე, საქართველოს ვერ ექნება მდგრადი ეკონომიკა.
როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის დასაძლევად რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
სახელმწიფომ უნდა გაატაროს განათლების გრძელვადიანი ფუნდამენტური რეფორმა. რიგი დარგებისთვის სპეციალისტების გადამზადება ხდება, რისთვისაც სახელმწიფო რესურსს ხარჯავს. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად ეფექტურია, რადგან ამ პროგრამაში ძირითადად ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებულნი და ამ პროგრამებში ჩართულობით, იღებენ დამატებით სერტიფიცირებას. რაც ხელს უწყობს ამ სპეციალისტების არა საქართველოში, არამედ უცხოეთში დასაქმება. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეს არის განათლების გრძელვადიანი რეფორმა, რომელიც უნდა დაიწყოს სკოლიდან და არ უნდა იყოს უნივერსიტეტებზე ორიენტირებული. უნდა გაუმჯობესდეს სწავლების მეთოდი და მოხდეს უნარების განსაზღვრა უფრო მეტი ბავშვისთვის, რათა მათ შეძლონ იმ თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება რაც ბიზნესს აქვს.
უახლესი