სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას დეპუტატების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები პროექტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ თითქმის სრულად გაითვალისწინა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაუმჯობესებულია ფისკალური პარამეტრები, კერძოდ, გაზრდილია ბიუჯეტის შემოსულობები (მათ შორის გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები) და გადასახდელები, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის თანაფარდობის პროცენტული მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
„2024 წლისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მიაღწევს 28.4 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ანუ გადასახდელები გადააჭარბებს 28.7 მლრდ ლარს. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც და გადასახდელებიც. კერძოდ, 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა წლის ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით იზრდება 2 398.6 მლნ ლარით. ამასთან, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გათვალისწინებულია 19 115.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 2 404.7 მლნ ლარით. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გადასახდელები იგეგმება 25 030.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 2 719.1 მლნ ლარით. 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული) მშპ-ს მიმართ განსაზღვრულია 2.5%-ით. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო 2 177 მლნ ლარია, რაც მშპ-ს, ასევე, 2.5%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2025-2027 წლების განმავლობაში ხასიათდება შემცირებით და 2027 წლისთვის განისაზღვრება 2.2%-ით (კანონით დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3%-ია). 2024 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-ს მიმართ მცირდება როგორც 2023 წლის მოსალოდნელ - 38.2%-თან, ისე წინა ვერსიით წარმოდგენილ მაჩვენებელთან - 38.2%-თან შედარებით და განსაზღვრულია 38.0%-ის დონეზე. გაგრძელდება აღნიშნული მაჩვენებლის კლება საშუალოვადიან პერიოდშიც და 2027 წლისათვის შეადგენს 37.1%-ს. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ასეთი ზრდის პირობებში 2023 წელთან შედარებით 2024 წელს კიდევ უფრო იზრდება საბიუჯეტო პრიორიტეტებით განსაზღვრული მიმართულებების დაფინანსების ოდენობები“, - ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა